თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის დედა: დადონ სატელიტური სურათები, მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება

მთავარ პროკურატურასთან გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციას მართავს. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ოჯახი სატელიტიდან გადაღებული სურათებს და შემდგომ საქმეზე არსებული მუხლის შეცვლას და მის მკვლელობის მუხლად გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. ბაჩალიაშვილის ოჯახის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს, დღეს გამართულ აქცია კი ისინი გამაფრთხილებელს უწოდებენ.

"პირველ რიგში, დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა იქ, სადაც იდგა. მეორე, ამ სატელიტური სურათების საფუძველზე მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლად და შემდგომ დასახელდეს ის მკვლელი, თუ მკვლელები, სავაურადოდ სამ მაღალჩინოსანზე როცაა საუბარი". – ამბობს თეონა თამაზაშვილი.

ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ 27 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოს სრულ ჩანაწერსაც მოითხოვს, სადაც სუს-ის სამი მანქანის გადაადგილებაა ნაჩვენები.

მთავარმა პროკურატურამ 27 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება და ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. უწყების მტკიცებით, ეს სამი მანქანა იმ დროს, როცა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროსკენ მიდიოდა, გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ამსახველი მხოლოდ მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა.

______________________________________________________________________________________

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები