თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

"45 დღე გავიდა, პასუხი არაფერზე გვაქვს" - ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურასთან აქციას აანონსებს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს, 30 აგვისტოს, მთავარ პროკურატურასთან აქციას აანონსებს. ოჯახი პროკურატურის მიერ 27 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეოს სრულ ჩანაწერს მოითხოვს, სადაც სუს-ის სამი მანქანის გადაადგილებაა ნაჩვენები.

"2 საათზე გვაქვს აქცია მთავარ პროკურატურასთან. 45 დღე გავიდა და არაფერი პასუხი არაა ჯერ, არაფერზე, არც ერთ კითხვაზე. ვეძებ ჩემი შვილის მკვლელს, მინდა საქმე გაიხსნას, ესენი კი აჭიანურებენ, არ აწყობთ, რადგან ხელს აფარებენ. FBI-ის ჩამოყვანაც არ აწყობთ". – ამბობს თამრ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

მთავარმა პროკურატურამ 27 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება და ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა რუსთავის გზატკეცილზე, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდა. უწყების მტკიცებით, ეს სამი მანქანა იმ დროს, როცა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროსკენ მიდიოდა, გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის გადაადგილების ამსახველი მხოლოდ მცირე მონაკვეთი გამოაქვეყნა.

______________________________________________________________________________________

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები