ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობისთვის დაკავებული საკრებულოს დეპუტატი სასამართლოს: თქვე ნაცებო, თქვენ

telavi.gov.ge

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე 50 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბრალდებული ამ გადაწყვეტილებამ გააღიზიანა და ბრალდების მხარეს, ისევე როგორც მოსამართლეს, "ნაცები" უწოდა. მას დარბაზი დაატოვებინეს. 

"რადგან დაეთანხმეთ [პროკურატურის შუამდგომლობას], ე.ი. თქვენც გადაებით იმ რგოლს, რომელიც ნაცების დროს იყო... ეს არ არის. ჩემი აზრი არაფერს არ ნიშნავს, არავინ არაფერს მეკითხება, ხო?... აბა, როგორ შეიძლება ამხელა უსამართლობის ატანა, როგორ შეიძლება? ვინა ხართ ხალხო, წერა-კითხვა არ იცით, თქვე ნაცებო, თქვენ, ყველანი. ბიძინა ივანიშვილმა ყველას დაგიტოვათ შანსი, რომ ადამიანურად გეცხოვრათ, მაგრამ პირიქით."– თქვა გრემელაშვილმა სხდომაზე.

ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრების მიმართ მუქარისთვის თელავის საკრებულოში ქართული ოცნების ყოფილი მაჟორიტარი, ამჟამად პატრიოტთა ალიანსის წევრი მიხეილ გრემელაშვილი 9 ივლისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 2020 წლის ივნისში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.შ.-ს. ასევე შვილს, 18 წლის ი.გ.-ს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანის, 7 წლის შვილის გ.გ.-ს თანდასწრებით.

"ამის შემდეგ მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში და მათ მოკვლით დაემუქრა, მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლეს და შვილებს სახლის დატოვება მოსთხოვა. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები მ.გ.-მ განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით". – აცხადებს პროკურატურა. 

კომენტარები