არჩევნები 2020

თალაკვაძე: მზად ვართ, არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები დავნიშნოთ

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლება მზადაა, ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები დანიშნოს. 

"ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითად ჩვენი არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიასა და ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. 

ამისთვის ჩვენ ორი თვის წინ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კოვიდპანდემიის პირობებში განვსაზღვრეთ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, გადავანაწილეთ პასუხისმგებლობები. შესაბამისად, არსებობს სრული მზადყოფნა, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ქვეყანაში. საკოორდინაციო საბჭო პრემიერ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მზად ვართ, ჩარტერული რეისების დასანიშნადაც კი, რომ ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი." – ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

დღეს, 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება გამოდის ინიციატივით, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

კომენტარები