არჩევნები 2020

დავით ბაქრაძემ ქედაში ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა

ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, ქედაში ამომრჩევლებს შეხვდა და ხულო, შუახევი, ქედის მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობასთან ადგილობრივ პრობლემებზე, ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს და მხარდამჭერებს ევროპული საქართველოს სამომავლო ხედვა გააცნეს.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, ის იქნება ხულოს და მთლიანად აჭარის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

"მე ვიქნები აჭარის ხმა პარლამენტში, ჩვენი წინამორბედები არ ჩანდნენ პარლამენტში, არავის არაფერი არ უთქვამს ამ ადამიანების გაჭირვების შესახებ, მე ზოგადად მსურს, რომ ვიყო ამ საზოგადოების ერთ-ერთი სერიოზული წარმომადგენელი. ჩემი წარსულიც ამის კარგი დასტურია, რომ მე ამ რეგიონს ძალიან კარგად წარმოვადგენ". – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

დავით ბაქრაძე ამბობს, რომ დღეს აჭარის მთლიან მოსახლეობას მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აქვს, მთავრობის რეგულაციებმა, თურქეთში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით კი ეს პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა.

"ყველა არსებულ პრობლემასთან ერთად, ძალიან მძიმე პრობლემა დააწვა ქედას და მთლიანად აჭარის მოსახლეობას, რაც თურქეთის გადასვლის შეზღუდვაა. ეს იყო ის ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანები არჩენდნენ თავიანთ ოჯახებს. სრულიად გასაგებია კორონავირუსი და პანდემია, თუმცა სრულიად გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ცნობის საფუძველზე გადაუშვას ადამიანები თურქეთში. მძიმე ვითარება კიდევ უფრო დამძიმებულია, და საზოგადოებაში არსებობს ცალსახა განწყობა ცვლილებების სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებებს, ჩვენი საზოგადოება, ქედელებიც, აჭარლებიც და მთლიანად საქართველოც აუცილებლად მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე". – თქვა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები