ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 2 სამედიცინო პერსონალია

AA Photo

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან ორი სამედიცინო პერსონალია. მისივე ცნობით, ერთი პირის ინფიცირების წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 კი შემოტანილია, მათ შორის ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ეზუგბაიას თქმით, დღეს, 26 აგვისტოს, ახალი კორონავირუსისგან არავინ გამოჯანმრთელებულა. ამ დროის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში 1 150 პირი განიკურნა COVID 19-ისგან.

კოვიდცენტრებში მკურნალობას 259 პაციენტი განაგრძობს, აქედან 4 პაციენტი კრიტიკულია, 23-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პირია მოთავსებული, მათგან 1 კრიტიკულად მძიმეა, ხოლო ორი მძიმე.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 436 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 150 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები