რუსეთი

რუსეთში მღვდლებისთვის დამზადებული სამხედრო ანაფორები წარადგინეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალურად მღვდლებისა და სხვა სასულიერო პირებისთვის დამზადებული სამხედრო ანაფორები წარადგინა. 

სასულიერო პირებისთვის დამზადებული ანაფორები და სხვა რელიგიური ატრიბუტიკა რუსეთის თავდაცვის ძალების ახალგახსნილ მეგაეკლესიაში წარადგინეს, რომელიც მოსკოვის მახლობლად, პარკ პატრიოტში მიმდინარე წლის 9 მაისს გაიხსნა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თავდაცვის ძალების მთავარი ეკლესია მსოფლიოს ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიების სამეულში შედის, ნაგებობის სიმაღლე 95 მეტრს აღწევს.

წარმოდგენილი ანაფორები ტრადიციულ სამხედრო ფერებშია გადაწყვეტილი და მოიცავს ამავე ფერებში გადაწყვეტილ თავსაბურავს. სასულიერო პირებისთვის შექმნილ კომპლექტში გათვალისწინებულია სამხედრო, მწვანე ფერის სანთლები, ასევე სპეციალური ჯვრები. 

ამასთანავე, განსხვავებულია სამხედრო ანაფორაზე დატანილი ამომცნობი ნიშნები, რომელზეც გამოყოფილია სასულიერო პირის სახელი და ასევე საეკლესიო წოდება, გვარის ნაცვლად. 

როგორც რუსეთში ამბობენ, აღნიშნული სამხედრო ტანსაცმლის კომპლექტი იმ სასულიერო პირებისთვის შეიქმნა, რომლებიც რუსულ არმიას საბრძოლო ან საწვრთნელი მოქმედებების დროს გაჰყვებიან. 

ამასთანავე, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს თავდაცვის ძალებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ინტერფაქსს განუცხადა, რომ ფორმები ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულა. 

კომენტარები