არჩევნები 2020

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მერაბიშვილსა და შაშკინს შეხვდა [ფოტო]

Fegan Hüseyn / Facebook

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ვანო მერაბიშვილსა და დიმიტრი შაშკინს შეხვდა. ფოტოს საკუთარ Facebook გვერდზე დიმიტრი შაშკინიც აქვეყნებს.

ფოტოსთან დაკავშირებით, შაშკინმა დღეს აღნიშნა, რომ "საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყველაფერზე იქნება თავის დროზე გაცემული პასუხი".

ცნობილია, რომ კახა ოქრიაშვილმა საკუთარი პარტია პროგრესი და თავისუფლება ჩამოაყალიბა. მისი თქმით, მას კონსულტაციები აქვს ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის, ენმ-სთან. ოქრიაშვილი აღნიშნავს, რომ საუბარი მიდის ოპოზიციის მიერ დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროსა და ბოლნისში მის მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატად დასახელებაზე.

"ჩვენ პარტია პროგრესი და თავისუფლება ჩამოვაყალიბეთ. გასულ კვირაში შეხვედრებს ვმართავდი ოპოზიციურ პარტიებთან. თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას შევხვდი, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, ძალა ერთობაშიას. საუბარი მიდის იმაზე, რომ საერთო კანდიდატი ვიყო და სხვა პარტიებმა კონკურენტები არ დამიყენონ, რომ ოცნების კანდიდატი პირველსავე ტურში დავამარცხო. შეხვედრა მქონდა დაახლოებით შვიდ პარტიასთან. მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ვიქნები დმანისი-წალკა-თეთრიწყარო-ბოლნისის სამაჟორიტარო ოლქში პარტია პროგრესი და თავისუფლებისგან და, აგრეთვე, ვიქნები ამ პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი". – ამბობს კახა ოქრიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

კახა ოქრიაშვილმა ქართული ოცნება 10 აგვისტოს დატოვა.

 

კომენტარები