ახალი კორონავირუსი საქართველოში

ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს COVID 19 დაუდასტურდა

CNN

ქობულეთში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს COVID 19 დაუდასტურდა – ინფორმაცია ტაბულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. 

აღნიშნულ შემთხვევაზე ისაუბრა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა. შავიშვილის თქმით, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები უკვე გადაყვანილნი არიან კარანტინში. მისივე თქმით, ეს შემთხვევა არ უკავშირდება კაფე "ჰავანას" კლასტერს".

"გუშინ თბილისში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება ქობულეთის კონტაქტები. ჩატარდა PCR გამოკვლევა ამ კონტაქტებს შორის, გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა ქობულეთში, რომელიც უკვე გადაყვანილია კლინიკაში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ სივრციდან 18 პირია გადაყვანილი კარანტინში და 3 არის თვითიზოლაციაში.

ეს გახლავთ ახალი შემთხვევის კონტაქტები და არანაირი კავშირი არ აქვს "ჰავანას" კლასტერთან". – აღნიშნავს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი.

ამჟამად აჭარაში სულ 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

21 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1385 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები