არჩევნები 2020

კაპანაძე: ევროპული საქართველოს ისედაც ძლიერი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ პარტიაში თავისუფალი დემოკრატების წევრების გადასვლაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ თავისუფალი დემოკრატების უკვე ყოფილი წევრები, ლიდერები – შალვა შავგულიძე, ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე და სხვები ევროპული საქართველოსთვის დიდი შენაძენია. კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველოს ისედაც ძლიერი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა.

"დღეს ევროპული საქართველოს ისედაც ძლიერი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა იმიტომ, რომ ჩვენ გუნდს შემოუერთდნენ თავისუფალი დემოკრატების უკვე ყოფილი წევრები, ლიდერები – შალვა შავგულიძე, ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე, ასევე რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა საკრებულოს წევრები, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. საკმაოდ დიდი შენაძენია ეს ჩვენთვის და ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას.

ისინი იქნებიან ჩვენს სიაშიც, მათ შორის გამსვლელ ადგილებზეც, ბუნებრივია, და ჩვენ ერთად ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ". – თქვა სერგი კაპანაძემ.

შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და სანდრო ბარამიძემ თავისუფალი დემოკრატები დატოვეს.

შავგულიძის თქმით, თავისუფალი დემოკრატებიდან წასვლის შემდეგ ისინი "ინდივიდუალურად, პარტიული კუთვნილების გარეშე გააგრძელებენ თანამშრომლობას ევროპულ საქართველოსთან და არჩევნებში მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას, "რაზეც მათგან უპირობო შეთავაზება აქვთ".

შავგულიძემ ვრცელი განცხადება გაავრცელა და პარტიის დატოვების მიზეზად მის გამგეობაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება დაასახელა. თუ რატომ დატოვეს ლიდერებმა თავისუფალი დემოკრატები – ვრცლად წაიკითხეთ აქ.

დღეს, 20 აგვისტოს, თავისუფალი დემოკრატებიდან პარტიის თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის და გამგეობის ორი წევრის, ნინო გოგუაძის და სანდრო ბარამიძის წასვლის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ კეკენაძემ ისაუბრა. კეკენაძის თქმით, შავგულიძის განცხადებები ტყუილი და შეურაცხმყოფელია. მისივე ცნობით, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება პარტიას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს, მაგრამ ისინი არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ.

კომენტარები