არჩევნები 2020

ვაშაძე: სიტყვის კაცი ვარ და შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ, ენმ-სგანაც იგივეს ველი

"მე სიტყვის კაცი ვარ და ჩემ მიერ დადებულ შეთანხმებებს ყოველთვის ვასრულებ. ანალოგიური მოლოდინი მაქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგანაც", - ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ენმ-ში მიმდინარე განხილვებს, რომ შესაძლოა, პარტიამ ისნის ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს.

"იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სურს შეთანხმების დარღვევა და ჩვენი საერთო მიზნის - დამსხვრეული ოცნებების პარტიის დასრულების მაგივრად ჩემთან კონკურენციაში შემოსვლა, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე დავამარცხებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის კანდიდატს, რათა შემდეგ დავასრულოთ დამსხვრეული ოცნებების პარტია, დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე", - თქვა ვაშაძემ, რომელიც ამ ეტაპზე, ისნის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი კანდიდატია.

მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძემ გაერთიანება ძალა ერთობაშია დატოვა და სტრატეგია აღმაშენებელი დააფუძნა, ენმ-ს წევრებმა მისი კრიტიკა დაიწყეს. გიორგი ვაშაძეს ბნელ მხარეს გადასული უწოდა პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმაც.

19 აგვისტოს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტის დაყენებაზე იმსჯელეს. პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მათ მხარდამჭერებს ძალიან აწუხებთ ის ფაქტი, რომ ისანში პარტიას საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს. 

"ამომრჩევლის მხრიდან ასეთი გულის წუხილი რომ მოდის, ჩვენ ვალდებულები ვართ, ეს განვიხილოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ ჩამოვყალიბებულვართ". – ამბობს ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში. 

კომენტარები