არჩევნები 2020

მდინარაძე: NDI-ის ანგარიშში არის პუნქტები, რომლებიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული

პარლამენტი

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ NDI-ს ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ ანგარიშში არის პუნქტები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ეფუძნება. 

მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ოცნების მიზანი არჩევნების "უპრეცენდენტოდ გამჭვირვალედ, დემოკრატიის მაღალი ხარისხით" ჩატარებაა და ამ კუთხით, ყველა ორგანიზაციის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, მათ შორის, NDI-ისას. 

"ამ რეკომენდაციებში სამწუხაროდ არის ისეთი პუნქტები, რომლებიც არის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ამაზე ისევ და ისევ პასუხისგება მოუწევს, მათ შორის NDI-ის წინაშე, რომელიმე ექსპერტს, რომელმაც მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა". – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

არასწორი ინფორმაციის მაგალითად დეპუტატს ის პუნქტი მოჰყავს, სადაც ორგანიზაცია მმართველ გუნდს ურჩევს, თავი შეიკავოს მედიებში დროებითი მმართველის დანიშვნისგან.

"ეს ძალიან კარგად ვხვდებით, საიდან მოდის, როდესაც მათ გაავრცელეს ჭორი, როდესაც შესაბამის კანონპროექტზე იყო საუბარი, იქ არცერთი სიტყვა მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნაზე არ იყო და ასეთ არასწორ ინფორმაციას ვაწყდებით და ფაქტობრივი უზუსტობებიც არის ამაში სამწუხაროდ, რომელიც მე პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ე.წ ექსპერტების მიწოდებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შესაბამის ანგარიშში, რეკომენდაციაში, თუ კვლევაში აისახა". – ამბობს მამუკა მდინარაძე. 

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, მთავრობასთან ერთად, მართლაც ჰქონდა წარდგენილი მსგავსი კანონპროექტი, თუმცა, საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები უკან გაიწვიეს. 

 19 აგვისტოს NDI-ის დელეგაციამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ანგარიშს გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია, საარჩევნო გარემო, მედიის როლი და დეზინფორმაცია, გენდერი და ინკლუზიურობა და კორონავირუსის ზეგავლენა.

კომენტარები