ბელარუსი

პუტინი მაკრონს: ბელარუსის მთავრობაზე ზეწოლა მიუღებელი იქნება

Yahoo

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

18 აგვისტოს კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა ან ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლა მიუღებელი იქნება. 

მანამდე, პუტინი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ელაპარაკა და მასაც განუცხადა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ პუტინისა და ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მზად არიან დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

მოქალაქეებმა შენიშნეს სამხედრო კოლონაც, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა და მინსკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები 17-21 აგვისტოს ბელარუსისა და ლიტვის სასაზღვრო ოსტროვცის რეგიონში არსებულ პოლიგონებზე ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ბელარუსისადმი რუსეთის სამხედრო დახმარება ქვეყანაში შეჭრა იქნება.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

17 აგვისტოს, ევროპარლამენტარებმა, ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტებისა და დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეების და ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ისინი ხელახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და გმობენ მშვიდობიანი მომიტინგეების წამებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც და სიტუაციას საშინელი უწოდა. მან თქვა, რომ აშშ ახლოდან დააკვირდება მოვლენების განვითარებას.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც დღეს, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

კომენტარები