ლიბანი

გაეროს ტრიბუნალი ჰარირის საქმეზე: ჰეზბოლას და სირიის ჩართულობის მტკიცებულება არ არსებობს

ნიდერლანდებში გაეროს მიერ მხარდაჭერილმა ტრიბუნალმა, რომელიც 2005 წელს ლიბანის ყოფილი პრემიერმინისტრის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმეს განიხილავდა, დაასკვნა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რაც თავდასხმაში შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერების ან სირიის მთავრობის ჩარევაზე მიუთითებდა.

მოსამართლე დავიდ რემ სასამართლოს დასკვნა გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად მოტივების არსებობისა, ჰარირიზე თავდასხმასთან ჰეზბოლას და სირიის კავშირის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობს. დასკვნაში ასევე წერია, რომ აფეთქებაში ბრალდებული 4 პირის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები "თითქმის მთლიანად ირიბია".

ბრალდებულები ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, ჰეზბოლას წევრები არიან. მათ დაუსწრებლად ასამართლებენ. მკვლელობასთან დაკავშირებული მეხუთე პირი, ჰეზბოლას სამხედრო მეთაური, მუსტაფა ამინე ბადრედინი სირიაში 2016 წელს მოკლეს. ჰეზბოლა ჰარირიზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ჰარირი ლიბანში ერთ-ერთი წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსი იყო და ლიბანიდან სირიის ძალების გაყვანას ითხოვდა.

რაფიკ ჰარირი ბეირუთის ცენტრალურ უბანში, სასტუმრო სენტ ჯორჯთან ახლოს 2005 წლის 14 თებერვალს მოკლეს. ჰარირის კორტეჟს 1 800 კილოგრამი ტროტილით დატვირთული მიცუბიშის მარკის ავტომობილი შეეჯეხა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 23 ადამიანი, დაშავდა - 226. ამ დროისთვის ჰარირი უკვე აღარ იკავებდა პრემიერის პოსტს.

მის მკვლელობას მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა ქვეყნის პროსირიული მთავრობის წინააღმდეგ. ორ კვირაში მთავრობა გადადგა და სირიამ ძალები გაიყვანა.

ტრიბუნალი 2007 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა. გამოძიების ხარჯებმა 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რომლის 49% ლიბანმა გაიღო. სასამართლო პროცესი 2014 წელს დაიწყო და მის ფარგლებში 297 მოწმეს მოუსმინეს.

კომენტარები