არჩევნები 2020

30-მა პარტიამ საკუთარი და ერთმანეთის ხმების დაცვის დეკლარაციას ხელი მოაწერა

ტაბულა

დღეს, 18 აგვისტოს ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც მითითებულია, რომ 30 პარტია როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავს.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს დოკუმენტი "აბსოლუტურად უპრეცედენტოა".

"პირდაპირ არის მითითებული, პირველად, საქართველოს ისტორიაში, რომ პრაქტიკულად 30-მა პარტიამ ხელი მოაწერა იმას, რომ ერთმანეთის ხმებს დაიცავენ. არა მხოლოდ საკუთარი ხმებისთვის ვიბრძოლებთ, არამედ ერთმანეთის ხმებს დავიცავთ და არ მივცემთ ქართულ ოცნებას იმის შესაძლებლობას, რაც 2016 წელს გააკეთა, როცა ჩემი პოლიტიკური პარტიის ხმები თავად და სატელიტ ოპოზიციურ პარტიებს გადაულაგა. ეს არის ჩვენი ამომრჩევლისთვის იმის იმედის მომცემი, რომ ქართული ოცნება ვერ შეძლებს ხმებით მანიპულირებას". – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

დღეს, 18 აგვისტოს, ოპოზიციამ, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბა, გადაწყვიტა, მათი შეჯერებული კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იქნება, საბურთალოზე - ირაკლი ოქრუაშვილი.

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მხარი დაუჭირონ ჯაფარიძის და ოქრუაშვილის კანდიდატურებს, ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვავე ოლქში ჰყავთ შეთანხმებული საერთო კანდიდატი:

  • ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);
  • გლდანი - ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • ისანი - გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო);
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები);
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

რაც შეეხება დანარჩენ 22 საარჩევნო ოლქს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებიდან გასვლა და 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ევროპულმა საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა და პარტიას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღეც მისცა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ენმ მათ არ გამოეხმაურა და არც მოწოდება გაითვალისწინა, ევროპულმა საქართველომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.

კომენტარები