ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ პლაკატების გაკვრისთვის დაწერილი ჯარიმები გაასაჩივრა

ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ მისი მხარდამჭერებისთვის საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის მიერ გამოწერილი ჯარიმები გაასაჩივრა. 

ამის შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ ისაუბრა. დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანიის ადრეულ ეტაპზევე დაიწყო უკანონო მეთოდების გამოყენება ოპონენტების წინააღმდეგ. 

"ამის ერთერთი სასაცილო გამოვლინება პლაკატების ჩამოხევა და ჩვენი მომხრეების დაჯარიმება იყო. ამით პირდაპირ შეზღუდეს ჩვენი თანამოქალაქეების სიტყვის თავისუფლება. ჩვენს მხარდამჭერებს ჯამში რამდენიმე ათასი ლარი ჯარიმა დაუწერეს და ჰგონიათ, რომ ამით მათ შეაშინებენ". – ამბობს სერგი კაპანაძე. 

დეპუტატმა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ შერჩევითი მიდგომის მაგალითად ის ფაქტი გაიხსენა, როდესაც რამდენიმე თვის წინ ევროპული საქართველოს ოფისის წინ პროსახელისუფლებო ადამიანებმა შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს. 

"მაშინ არცერთი ადამიანი არც დაუჯარიმებიათ და არც დაუკავებიათ, არცერთი პლაკატი არ ყოფილა ჩამოხეული მერიის სამსახურების მიერ. ეს არის კლასიკური ავტოკრატიისთვის დამახასიათებელი შერჩევითი მიდგომა, როდესაც სამართალი ერთისთვის მოქმედებს და მეორესთვის – არა". – თქვა სერგი კაპანაძემ. 

12 აგვისტოს ევროპული საქართველო იუსტიციის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმეს და პოსტერები ჩამოხიეს.

როგორც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში ტაბულას მაშინ უთხრეს, ევროპული საქართველო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით დააჯარიმეს, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის განმეორებით დამახინჯებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით 500 ლარის ოდენობით. უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ ევროპულ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის დარღვევასაც ედავებიან, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. 

კომენტარები