არჩევნები 2020

დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ჯაფარიძე იქნება, საბურთალოზე – ოქრუაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიები თბილისში დარჩენილ ორ ოლქშიც შეთანხმდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატზე. 

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, ხოლო საბურთალოს ოლქში გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი. 

ქართული ოცნებიდან ზურაბ ჯაფარიძის ოპონენტი დეპუტატი გია ვოლსკი იქნება, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის კი - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით სერგეენკო. 

ახლა ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვავე ოლქში ჰყავთ შეთანხმებული საერთო კანდიდატი, რომელთა სიაც შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);
  • გლდანი - ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • ისანი - გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო);
  • სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები);
  • ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

რაც შეეხება დანარჩენ 22 საარჩევნო ოლქს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეთანხმებიდან გასვლა და 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ევროპულმა საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა და პარტიას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მისცა, თუმცა, უკუკავშირის არ არსებობის შემდეგ, ევროპულმა საქართველომ საკუთარი კანდიდატები წარადგინა.  

კომენტარები