არჩევნები 2020

ვინ იქნება ოპოზიციის ბოლო ორი საერთო კანდიდატი თბილისში – შეხვედრა ლეიბორისტების ოფისში

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე პარტიები თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის ბოლო ორ კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ.

გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, დღეს განიხილება, იქნება თუ არა ის ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ასევე, ოპოზიცია საერთო კანდიდატად საბურთალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილს განიხილავს. 

"ჩემი აზრით, ზოგადად, მნიშვნელოვანია ოპოზიციის შეთანხმება საერთო კანდიდატებზე მაჟორიტარულ ოლქებში. რაც მეტ ოლქში მოხდება შეთანხმება, მით უკეთესი. ჩემთვისაც ცხადია მნიშვნელოვანია, თუ მექნება სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, გამარჯვება დიდუბე ჩუღურეთის ოლქში მექნება გაცილებით მეტი". – ამბობს ჯაფარიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, დღეს შეთანხმება შედგება და დასრულდება "ქილიკი, თითქოს ოპოზიციაში უთანხმოებაა".

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტია ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს უჭერს. მისივე თქმით, ევროპული საქართველო საბურთალოს ოლქში პოზიციების შეჯერების მომხრეა, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით. 

"ამიტომ ვართ ახლა შეკრებილები, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ, დავხუროთ და იყოს აბსოლუტურად გარკვეული ვითარება თბილისთან დაკავშირებით... ვინც მოახერხებს, რომელი პოლიტიკური ძალებიც, პოზიციების შეჯერებას, რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით, მათი იქნება ეს შეთანხმება. მე პირველ რიში, აუცილებლად ვთვლი, რომ იმ ოლქებთან მიმართებაში, თბილისში, სადაც პირველივე ტურში მოვიგებთ, რაც შეიძლება მეტ კანდიდატზე შეჯერება არის პრაგმატულად სწორი". – ამბობს ბოკერია. 

დღესვე, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიები დეკლარაციას მიიღებენ, რომელიც საერთო ოპოზიციური ხმების დაცვის მექანიზმს ეხება.

კომენტარები