თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი: პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოშორდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურორი მარიამ გოგორელიანი ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოშორდა. ამის შესახებ რამიშვილმა გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. 

რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის პროკურორი, რომელიც არაეთიკურად ახორციელებდა მოქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოახდინეს და ჩამოშორდა საქმეს. იმიტომ, რომ არ იყო ეთიკური მისი ქცევა დაზარალებულის მიმართ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა პროკურორთან არ არის ბოლო. საუბარი იყო ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით და აუცილებლად ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები. მოწვეული იქნება ის აპარატურა, რაც დაადგენს ავტომობილთან ყველა იმ კითხვას რაც გვაქვს". - ამბობს რამიშვილი. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა საქმის ერთ-ერთი პროკურორი, მარიამ გოგორელიანი ბულინგში დაადანაშაულა. როგორც თამაზაშვილმა გუშინ, 13 აგვისტოს თქვა, პროკურორი დაკითხისას ეკითხებოდა რა ჰონორარის ფასად იყო რამიშვილი მათი ოჯახის ადვოკატი. 

მისივე თქმით, საქმის პროკურორი მისგან მოითხოვდა, ეთქვა, საიდან ჰქონდა ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს თამარ ბაჩალიაშვილის ჩანაწერი.

გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ თეონა თამაზაშვილმა თქვა, რომ ის შეხვედრით კმაყოფილია და ენდობა ირაკლი შოთაძეს. მისივე თქმით, პროკურორმა გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა. 

_______________________________________________________________________________________


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები