თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

რამიშვილი ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე: ეს არის კარგად ორგანიზებული მკვლელობა

რადიო თავისუფლება / Screengrab

"ეს არ შეიძლება იყოს თვითმკვლელობა, ეს არის მკვლელობა, ძალიან კარგად ორგანიზებული". – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.

რამიშვილის ინფორმაციით, ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან, რომლითაც გამოძიებას შეეძლო გაეგო, თუ ვისთან ჰქონდა გარდაცვლილს ბოლო პერიოდში კონტაქტი, წაშლილია.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას კვალვ უნდობლობას უცხადებს და მასში FBI-ს ჩართვას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ აქციის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაში ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

_______________________________________________________________________________________
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები