ევროპული საქართველო

ნადირაშვილი: მკოიანს არ აქვს პროკურატურის იმედი, რადგან ნახა, რომ თვითონაც არ დაისაჯა

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ირმა ნადირაშვილი ქართული ოცნების წევრის, ენზელ მკოიანის შანტაჟის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ეს ნამდვილად მოხდა, მუქარის ავტორები მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, ისევე, როგორც დეპუტატი უნდა დასჯილიყო კანონის დარღვევისთვის.

"თუ ასეთი შეტყობინებები განხორციელდა, ამ შეტყობინებების ავტორი აუცილებად მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ მუქარა, ძალადობა, გავლენის მოხდენა მოქალაქეზე, სულ ერთია, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, უნდა ისჯებოდეს კანონის მთელი სიმკაცრით, ისევე, როგორც ბატონ ემზარს უნდა ეგო პასუხი, როდესაც იარაღით ხელში ახალქალაქის ქუჩებში დარბოდა." – ამბობს ნადირაშვილი. 

ნადირაშვილს მიაჩნია, ენზელ მკოიანს არ აქვს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმედი, რადგან ეს უწყებები არა კანონის, არამედ პოლიტიკური დაკვეთის მიხედვით მოქმედებენ. ქვეყანაში არ არის კანონის უზენაესობა და სწორედ, დეპუტატის არდასჯით წააქეზეს ძალადობა.

"ბატონ ენზელს, ალბათ, არ აქვს თავისივე პროკურატურის იმედი, იმიტომ, რომ მან ერთხელ ნახა, თვითონ როცა დარბოდა ქუჩაში, ის არ დაიჭირეს, ამიტომ დღეს ეჭვი აქვს, რომ შეიძლება ისიც არ დაიჭირონ და არ მოსთხოვონ პასუხი, ვინც მას ამ მუქარის შეტყობინებებს უგზავნის, მას არ აქვს საკუთარი გუნდის და საკუთარი პროკურატურის იმედი." – თქვა ევროპული საქართველოს წევრმა.

ენზელ მკოიანის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა დღეს, 10 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატს კავკასიური აქცენტის მქონე, ვინმე ვასილი და ვანია შანტაჟის შემცველ შეტყობინებებს რუსულად Facebook Messenger-ით და Whatsapp-ით უგზავნიან, ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და 5 მილიონი დოლარის გადარიცხვას სთხოვენ.

ენზელ მკოიანი, რომელიც მმართველ პარტიას 2020 წლის არჩევნებზე ახალქალაქში უნდა წარედგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების წევრი მოქალაქეს იარაღით მისდევს, აღარ წარადგინა და სამველ მანუკიანით ჩაანაცვლა.

ენზელ მკოიანის სახელსა და გვარს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, მათ შორის სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეც. ბოლო გახმაურებული ამბავი კი 26 მარტს მოხდა, როდესაც ახალქალაქში მკოიანი და პატრიოტთა ალიანსის წევრი, სამველ პეტროსიანი ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით ესროდნენ.

კომენტარები