თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

ბაჩალიაშვილის მამა: ტელეფონი ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ, ყველანაირ კვალს აქრობენ

Tabula

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი ექსპერტიზისთვის ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ. მისი თქმით, სამართალდამცავები ყველანაირ კვალს აქრობენ და საქმეს აჭიანურებენ. 

"ადვოკატის გარეშე არ უნდა გაეხსნათ ტელეფონი, რაც კომპიუტერზე გააკეთეს იგივე დაგვხვდა აქაც. მანქანის თაობაზეც იმედი აღარ მაქვს. ყველაფერი იქნება წაშლილი, ყველანაირ კვალს აქრობენ და ვინ დგას ამის უკან, მე უკვე არ ვიცი. რატომ აჭიანურებენ, საქმეც მაგაშია. ე.ი., ამის უკან ვინც დგას, ამბობს - გაჩუმდით. ეს საქმე როდის გაიხსნება, რისი იმედი უნდა მქონდეს. ვატყობ, ყველაფერი სხვანაირად მიდის". – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი. 

გუშინ, 8 აგვისტოს, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად მისულებს, ტელეფონი გახსნილი დახვდათ. მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზა 24 ივლისს დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია მას არ ჰქონდა. 

რამიშვილის თქმით, მოითხოვა, რომ ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონში ინახებოდა და ექსპერტიზის დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცეს. მისივე თქმით, მან და ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა, გარდაცვლილის ტელეფონი დაალუქინეს. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

კომენტარები