ეროვნული ბანკი

გვენეტაძე: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4-ის ნაცვლად 5%-ით შემცირდება

newposts.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება ნაცვლად 4%-ისა, როგორც ეს წინა პროგნოზით იყო მოსალოდნელი.

"წლის პირველ ნახევარში საქართველოში ეკონომიკა წლიურად 5.8 პროცენტით შემცირდა. ამ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ განახლებული პროგნოზით 2020 წლისათვის ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5 პროცენტი იქნება, წინა პროგნოზი 4 პროცენტი იყო". - თქვა სებ-ის დირექტორმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. 

კობა გვენეტაძე ამას პანდემიის შედეგად შექმნილ რთულ სიტუაციას უკავშირებს, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკებზე დიდი გავლენა იქონია. 

"მოგეხსენებათ, რომ დროდადრო გადავხედავთ ხოლმე ზრდის პროგნოზს და აი, ეს ცვლილება განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდად შემცირებამ, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იკვეთებოდა". - ამბობს გვენეტაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის ივნისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7.7%-ით შემცირდა. პირველი ექვსი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი მინუს 5.8%-ს აღწევს, წლის მეორე კვარტალში კი საქართველოს ეკონომიკა 12.6%-ით არის შემცირებული.

კლება განსაკუთრებით მკვეთრი იყო აპრილში, როცა მშპ 16.6%-ით შემცირდა. მაისში ეკონომიკური ზრდა მინუს 13.5% იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 5 აგვისტოს, რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო

კომენტარები