ტურიზმი

თურნავა: არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩაში გამოჩნდნენ პირველი ტურისტები

"მე როგორც ეკონომიკის მინისტრს, არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩაში გამოჩნდნენ პირველი ტურისტები". – ამბობს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.

თურნავას თქმით, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები გრძელდება და ეტაპობრივად გაიხსნება სხვადასხვა კომპანიების ფრენები. თუმცა, როგორც თურნავა განმარტავს, "ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ".

ეკონომიკის მინისტრის ცნობით, რეისებიდან, რომლებიც საქართველოში ჩამოფრინდა (პარიზი, მიუნხენი) მგზავრთა უმრავლესობა, (თურნავას ინფორმაციით, 3/4) ტურისტები არიან, – "აქედან გამომდინარე, ქუჩებში კვლავ შევძლებთ მონატრებული ტურისტები დავინახოთ".

"თქვენ უკვე იცით, რომ აგვისტოს თვეში რეგულარული ფრენები ნაწილობრივ გავხსენით, დაფრინავს ლუფთჰანზა. Airfrace-ის პირველი რეისი 9 აგვისტოს ჩამოფრინდება, ხვალ კი ჩამოვა პირველი რეისი Air baltic (რიგა-თბილისი-რიგა). გარდა ამისა აირზენა ასრულებს კომერციულ ჩარტერებს, 16-მდე კომერციული ჩარტერია დაგეგმილი თვის განმავობაში, სულ ახლახანს პარიზის რეისი ჩამოფრინდა". – ამბობს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ უკვე გამოსცა შესაბამისი ნოტამი. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ პირველ აგვისტომდე, ახლა კი ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამი მიმართულებით ფრენებზე, რომლებიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France - ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, მოლაპარაკებები ავიაკომპანია Air Baltic-თან, სიხშირესთან დაკავშირებით ამ დრომდე მიმდინარეობდა.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები