თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

საპატრიარქო: ილია მეორის კურთხევით, ბაჩალიაშვილის ოჯახს წესის აგების უფლება მივეცით

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდნენ.

"გარდაცვლილის მშობლები საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა. შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ, იქ მყოფ სასულიერო პირებთან ერთად გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა" - აცხადებს საპატრიარქო.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები