ავღანეთი

ISIS-მა ავღანეთში ციხეზე თავდასხმა მოაწყო, დაიღუპა 21, დაიჭრა 43 ადამიანი

GETTY IMAGES

ავღანეთში, ქალაქ ჯალალაბადში მდებარე ციხეზე ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ თავდასხმა მოაწყო.

თავდასმა 2 აგვისტოს დაიწყო. ციხის შესასვლელთან შეიარაღებულმა პირებმა დანაღმული მანქანები ააფეთქეს. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა დაპირისპირება ტერორისტული დაჯგიფების წევრებს და უშიშროების ძალებს შორის.

მოკლულია 21 ადამიანი, მათ შორის 3 თავდამსხმელი, დაიჭრა 43. თავდამსხმელთა ნაწილი მიმდებარე საცხოვრებელი შენობის ზედა სართულებზე გამაგრდა. მათ დაკავებას კვლავ ცდილობენ ქვეყნის უშიშროების ძალები.

ჯალალაბადის ცენტრალურ საპატიმროში 1 700-მდე პატიმარია, უმეტესობა თალიბანის და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები. გაქცევა სცადა ასობით პატიმარმა. უცნობია, იყო თუ არა თავდასხმის მიზანი კონკრეტული პატიმრების გათავისუფლება.

თავდასხმა თალიბანის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის ბოლოს დაიწყო. 29 ივლისს დაჯგუფება თალიბანმა გამოაცხადა, რომ ისლამური დღესასწაულის, იდ ალ ადჰას (ყურბან-ბაირამი) გამო ავღანეთში სამი დღით ცეცხლს შეწყვეტდნენ. იდ ალ ადჰა 31 ივლისს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში თალიბანს თავდასხმები არ განუხორციელებია. 

მსგავსი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თალიბანმა რამადანის თვის ბოლოს, იდ ალ ფიტრის დღესასწაულზეც გამოაცხადა და არ დაურღვევია. პასუხად, მთავრობამ თალიბანის 100 პატიმარი გაათავისუფლა.

მიუხედავად ამისა, პატიმართან გათავისუფლების პროცესზე შექმნილი უთანხმოების და თალიბანის მხრიდან გაგრძელებული თავდასხმების გამო მთავრობასა და დაჯგუფებას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო.

მიმდინარე წლის დასაწყისში კი დაჯგუფებამ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც მათ თავდასხმები უნდა შეემცირებინათ და ავღანეთის მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყოთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში თავდასხმები არ წყდება.

მხოლოდ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, პრეზიდენტ ღანის ინფორმაციით, ავღანეთის უშიშროების ძალების 3 560 წევრი მოკლეს. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში კი, გაეროს ინფორმაციით, კონფლიქტს 1 280 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები