არჩევნები 2020

II ადგილს საბოს ნაცვლად, ხვიჩია იკავებს, ათეულში აღარაა გია ჯაფარიძე - გირჩის განახლებული სია

გირჩი

გირჩმა პარტიული საარჩევნო სიის განახლებული ათეული დაასახელა. 30 ივლისს წარდგენილი სიისგან განსხვავებით, ახლა ათეულში აღარ არის გია ჯაფარიძე და დაემატა - ვახტანგ ზენაიშვილი. გარდა ამისა, მეორეადგილოსანი ჰერმან საბო სიის მეხუთე ადგილზეა, მეორე ადგილს კი - იაგო ხვიჩია იკავებს.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 15.6 მილიონი GeD (Georgian Dollar) 771 მხარდამჭერი
  2. იაგო ხვიჩია - 13 მილიონი GeD (Georgian Dollar) 583 მხარდამჭერი
  3. ვახტანგ მეგრელიშვილი - 11.9 მილიონი GeD (Georgian Dollar) 433 მხარდამჭერი
  4. ალექსანდრე რაქვიაშვილი - 11.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 166 მხარდამჭერი
  5. ჰერმან საბო - 11.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 448 მხარდამჭერი
  6. ლევან ჯგერენაია - 3.8 მილიონი GeD (Georgian Dollar) 206 მხარდამჭერი
  7. ამირან ტორონჯაძე - 2.2 მილიონი GeD (Georgian Dollar) 7 მხარდამჭერი
  8. ვახტანგ ზენაიშვილი - 1.7 მილიონი GeD (Georgian Dollar) 35 მხარდამჭერი
  9. ალექსანდრე (სანდრო) თარხან-მოურავი - 1.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 10 მხარდამჭერი
  10. გიორგი ლომინაძე - 1.5 მილიონი GeD (Georgian Dollar) 43 მხარდამჭერი 

"დიდი მადლობა ყველას. საინტერესო და უნიკალური პროცესი იყო. ბევრი ენერგია, ნერვები და ემოცია დავხარჯეთ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო. არ მოვდუნდეთ, წინ კიდევ ბევრი საქმეა" - აცხადებენ პარტიაში.

გირჩმა საარჩევნო სიის ათეული 30 ივლისსაც წარადგინა, თუმცა, რამდენიმე საათში განაცხადა, რომ სერვერის პრობლემის გამო, გასაჯაროებული სია რეალურისგან განსხვავდებოდა. პარტიაში ხმის მიცემის პროცესი ხელახლა დაიწყეს და ახალი სია 31 ივლისს გამოავლინეს.

გირჩის ცნობით, მათ საარჩევნო სიას მხარდამჭერები აკომპლექტებენ პარტიის ციფრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით. 

"ახალი GeD გირჩის პორტალზე ან ფულადი შემოწირულობისას იქმნება, ან პარტიისთვის გაწეული დახმარებისა თუ გაკეთებული საქმის შესაბამისად გაიცემა. ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი, რომელებსაც ჯამში 131 მილიონი GeD ჰქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი - რაც მეტი ჯედი აქვს გირჩის წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი “წონა” აქვს მის ხმას. ასე რომ, გირჩის პარტიული სიის შედგენა მერიტოკრატიულ პრინციპებზე დგას" - აცხადებენ პარტიაში. 

კომენტარები