არჩევნები 2020

გირჩი: სერვერის პრობლემის გამო, სიის პირველი ათეული საბოლოო არ არის, 31 ივლისს გამოვავლენთ

გირჩი

გირჩის ინფორმაციით, 30 ივლისს წარდგენილი საარჩევნო სიის პირველი ათეული რეალურისგან განსხვავდება. პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ პრობლემა სერვერს შეექმნა, რის გამოც, პოლიტიკოსების რეიტინგის შერჩევისას, ტრანზაქციებისა და მხარდაჭერების გარკვეული რაოდენობა დროულად არ აისახა. გირჩმა ხმის მიცემის პროცესი ისევ ჩართო და სიის ათეულს 31 ივლისს გამოავლენს.

"ჩვენს პორტალზე მხარდამჭერებს, GeD-ების მფლობელებს უნდა გამოევლინათ გირჩის პროპორციული პარტიული სია. ამ დღის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მომზადებული გვქონდა "გირჩის" საიტის სერვერები, თუმცა საიტზე შემოსულთა რიცხვმა და ტრანზაქციების რაოდენობამ ჩვენს მოლოდინს რამდენჯერმე გადააჭარბა და, სამწუხაროდ, ჩვენს სერვერს პრობლემა შეექმნა. ამან გამოიწვია ის, რომ ტრანზაქციებისა და მხარდაჭერების რაღაც რაოდენობა არ აისახა დროულად საბოლოო რეიტინგზე, საბოლოო სიაზე.  შედეგად, მივიღეთ რეალურისგან ოდნავ განსხვავებული სია. 

ჩვენ, ჩვენმა კონტრაქტორმა დეველოპერულმა კომპანიმ და თანამშრომლებმა ყველაფერი გავაკეთეთ პრობლემის დროულად აღმოსაფხვრელად და დათქმული დროიდან დაახლოებით 2 საათში სია გასწორებული იყო. თუმცა, იმისათვის, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები და ყველაფერი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ჩავთვალეთ, რომ დღეისთვის დაგეგმილი პროცესი თავიდან უნდა გავიაროთ, რათა ყველა პოლიტიკოსს ჰქონდეს შანსი, რომ მისკენ მიმართული მხარდაჭერა რეალურად აისახოს ჩვენს პროპორციულ სიაში. 

ამისათვის გადავწყვიტეთ შემდეგი: საიტზე ისევ ჩაირთვება ხმის მიცემის პროცესი და GeD-ების ყველა მფლობელს თავიდან შეეძლება გამოხატოს საკუთარი პრეფერენციები. ხოლო ხვალ, 31 ივლისს, 17:00-ზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიკეტება. ამის შემდეგ საიტს მიეცემა მინიმუმ 1 საათი (თავის დაზღვევის მიზნით) კალკულაციისთვის და საბოლოო სიის გამოვლენისთვის" - აცხადებს გირჩი. 

საარჩევნო სიის პირველი ათეული, რომელიც პარტიამ 30 ივლისს წარადგინა, ასე გამოიყურება:

  1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  2. ჰერმან საბო
  3. იაგო ხვიჩია
  4. ვახტანგ მეგრელიშვილი
  5. გია ჯაფარიძე
  6. ალექსანდრე რაქვიაშვილი
  7. ლევან ჯგერენაია
  8. სანდრო თარხან-მოურავი
  9. ამირან ტორონჯაძე
  10. გიორგი ლომინაძე

კომენტარები