არჩევნები 2020

ჯაფარიძე: ათეულში ქალებს მხოლოდ ფორმალურად ჩავწერთ, ყველა იდიოტურ კანონს არ უნდა დაემორჩილო

პოლიტიკურმა მოძრაობა გირჩმა საპარლამენტო საარჩევნო სიის პირველი ათეული წარადგინა. გადაწყვეტილება პრაიმერიზის მეშვეობით მიიღეს. ათეულში ყველა კაცია. პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ცესკო-ში წარსადგენ დოკუმენტაციაში ფორმალურად ჩაწერენ ყოველ მეოთხე ქალს, თუმცა, "სია არის ის, რაც გადაწყვიტეს გირჩის წევრებმა". პარტიაში აცხადებენ, რომ გენდერული კვოტირების რეგულაციისთვის გზის ავლის მეთოდზე დეტალურად უახლოეს მომავალში, საბოლოო სიის წარდგენისას იტყვიან.

პარტიის პირველი ათეულია:

  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  • ჰერმან საბო
  • იაგო ხვიჩია
  • ვახტანგ მეგრელიშვილი
  • გია ჯაფარიძე
  • ალექსანდრე რაქვიაშვილი
  • ლევან ჯგერენაია
  • სანდრო თარხან მოურავი
  • ამირან ტორონჯაძე
  • გიორგი ლომინაძე

კითხვაზე, რატომ არ არიან სიაში ქალები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პასუხობს:  "ქალები არიან სიაში... სადღაც ქვემოთ არიან ქალები". მისი თქმით, იცის, რომ ახალი კანონი პარტიებს ავალდებულებს, სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის, "მაგრამ ჩვენს სიას არ ადგენს არცერთი ცალკე აღებული ადამიანი, ამ პარტიაში არ არსებობს არცერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, აიღოს ეს სია და საკუთარი ხელით ჩაასწოროს და ვიღაცები ჩაამატოს, გინდა ქალი იყოს და გინდა კაცი".

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ პარტია ფორმალურად მაინც დააკმაყოფილებს კანონმდებლობას და ჩაწერს განსხვავებულ სქესს.

"მაგრამ სია არის ის, რაც გადაწყვიტეს გირჩის წევრებმა... ამ ქვეყანაში არსებობს ბევრი იდიოტური კანონი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველას უნდა დაემორჩილო" - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გირჩის ცნობით, მათ საარჩევნო სიას მხარდამჭერები აკომპლექტებენ პარტიის ციფრული ფულის, GeD-ის (Georgian Dollar) დახმარებით. 

"ახალი GeD გირჩის პორტალზე ან ფულადი შემოწირულობისას იქმნება, ან პარტიისთვის გაწეული დახმარებისა თუ გაკეთებული საქმის შესაბამისად გაიცემა. ამ ეტაპზე სიის შედგენაში მონაწილეობდა 5000-მდე ადამიანი, რომლებსაც ჯამში 131 მილიონი GeD ქონდათ საკუთრებაში. გადანაწილებისას კი - რაც მეტი ჯედი აქვს გირჩის წევრს საკუთრებაში, მით უფრო მეტი “წონა” აქვს მის ხმას. ასე რომ, გირჩის პარტიული სიის შედგენა მერიტოკრატიულ პრინციპებზე დგას", - აცხადებენ პარტიაში. 

კომენტარები