არჩევნები 2020

სამადაშვილი: როგორც ვიცი, ვაშაძის პარტიას ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს

ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიორგი ვაშაძის პარტიას – "ახალი საქართველო" ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს.

სამადაშვილმა ეს ვაშაძის და თაკო ჩარკვიანის მიერ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შეფასების დროს თქვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რჩება მთავარ მოთამაშედ ერთიანობაში, რომელიც შეიქმნება ივანიშვილის წინააღმდეგ. ამ ერთიანობაში შემოვა ბევრი ახალი საინტერესო მოთამაშე, პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული ადამიანები. ვფიქრობ, მათი დანაკარგია, ვინც გადაწყვიტა, რომ ერთიან ფორმატში მონაწილეობა არ მიიღოს. რატომ გადაწყვიტა გასვლა, უკეთესია, ჰკითხოთ თვითონ ვაშაძეს. ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც თანამდებობების გადანაწილებას, არც სიაში ადგილებს. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი საკითხია. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას ჰყავს დამფინანსებელი, როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს, როგორ უნდა გააგრძელოს ბატონმა ვაშაძემ საქმიანობა. ჩემთვის როგორც ცნობილია, ვანო ჩხარტიშვილია მისი აქტიური დამფინანსებელი და ხელშემწყობი. ასე რომ, მათ აქვთ საკუთარი მოსაზრებები, რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება". – თქვა სამადაშვილმა პირველი არხის ცნობით.

თავად გიორგი ვაშაძე ბრალდებას სასაცილოს უწოდებს.

"ყვითელი პრესის დონეზე დავიდა უკვე ეს საკითხი. 2018 წელს საარჩევნო შტაბის უფროსი რომ ვიყავი მაშინ ჩემი ცოლის ნათესავი არ იყო? ჩემი აზრით, რაც ხელს შეუშლის ოპოზიციის გამარჯვებას, ეს არის ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა". - თქვა მან ტვ პირველის ეთერში.

ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და კანონი და სამართალის დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა ახალი პლატფორმა, სახელწოდებით სტრატეგია აღმაშენებელი შექმნეს. ამის შესახებ ვაშაძემ დღევანდელ, 27 ივლისის, ბრიფინგზე თქვა. მათ გაერთიანება "ძალა ერთობაშია" დატოვეს. პოლიტიკური გაერთიანება საარჩევნო პროგრამას 30 ივლისს წარადგენს.

ოპოზიციამ გიორგი ვაშაძე თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატად ისნის ოლქში წარადგინა. თაკო ჩარკვიანი კი, საბურთალოს ოლქში იყრის კენჭს.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობა არ გეგმავს, რეგიონებში კანდიდატები დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს შეუთანხმოს და ყველგან თავის კანდიდატს დააყენებს. ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატზე, მხოლოდ, თბილისის რამდენიმე ოლქში შეთანხმდა – დედაქალაქის ექვს რაიონში ოპოზიციას საერთო მაჟორიტარი ეყოლება. ევროპული საქართველო დანარჩენ ოპოზიციას რეგიონებში გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები