კორონავირუსი და ეკონომიკა

ნადირაშვილი: გახარიამ ახალი სიმაღლეები დაიპყრო - თქვა, რომ კორუფცია ქართულ-ჯიგრული ყოფილა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, ირმა ნადირაშვილი, პრემიერის სიტყვებს პასუხობს. 27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას, გიორგი გახარიამ თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, გარკვეული კომპანიების მუშაობა კორუფციული ინტერესს არ უკავშირდებოდა და "რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა..." 

ნადირაშვილის თქმით, გახარიას ეს განცხადება პირდაპირი სიგნალია საჯარო მოხელეებისთვის, რომ უფრო მეტი მოიპარონ და ეკონომიკა სრულად ჩამოიშალოს.

"ქართული ოცნების ყველა პრემიერმინისტრი ჰგავს ერთმანეთს - ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ყველა ისეთ განცხადებებს აკეთებს, ბევრიც რომ იფიქრო, ვერ მოიფიქრებ, რომ ასეთი რამ შეიძლება გიპასუხონ. გვახსოვს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თქვა, საქართველოში ყველა ყველას იცნობს და რა ვქნათ, ვერც ნეპოტიზმს აღმოვფხვრით და ვერც კორუფციასო. შემდეგ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც უბრალოდ გამოგვიცხადა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის. ბატონმა გახარიამ ახლა ახალი სიმაღლეები დაიპყრო, როცა თქვა, რომ კორუფცია "ქართულ-ჯიგრული" ყოფილა. 

გახარიას უნდა ესმოდეს - როდესაც საჯარო მოხელეები ასეთ შეფასებებს ისმენენ, ეს არის პირდაპირ სიგნალი, რომ ხვალ უფრო მეტი მოიპარონ, მათმა ნათესავებმა მეტი ტენდერი მოიგონ კონკურენციის გარეშე. ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ ის, რაც შემორჩა ქართული ეკონომიკიდან, სრულიად ჩამოიშალოს. რა განსხვავებაა გახარიასა და ღარიბაშვილს შორის, როდესაც ასე აგდებულად პასუხობენ კითხვებს კორუფციაზე და ამით არყევენ სახელმწიფოს ფუნდამენტს", - თქვა ნადირაშილმა. 

გუშინ, 27 მაისს პრემიერმინისტრ გახარიას ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ პანდემიის დროს მთავრობის მიერ კომპანიებთან სელექციურ მიდგომაზე დაუსვა კითხვა. კაპანაძემ გიორგი გახარიას ჰკითხა, იყო თუ არა ამაში კორუფციული ინტერესი. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის თავდაპირველ ჩამონათვალში ვერ შევიდნენ კონკრეტული კომპანიები - მაგალითად, სუფთა სახლი, მაშინ როცა, ამ კომპანიის კონკურენტებს მუშაობის უფლება ჰქონდათ. დეპუტატის თქმით, კომპანიების ნაწილი დაზარალდა, რადგან მთავრობას სელექციური მიდგომა ჰქონდა. სერგი კაპანაძემ მაგალითად მოიყვანა მარნეულიდან აგრარული პროდუქტების გატანაზე ერთი კომპანიისთვის ექსკლუზივის მიცემა. ამ კონკრეტულ კითხვაზე გახარიას არ უპასუხია. 

"რა კორუფცია, ხალხო, შეიძლება, ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაცა, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ" - უპასუხა გახარიამ.

კომენტარები