ფრონტერას საქმე

გახარია Frontera-ზე: არავის მივცეთ საშუალება, ჩვენი ბიზნესკლიმატი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა მთავრობის გადაწყვეტილებას, არ გაწყვიტოს კონტრაქტი ამერიკულ კომპანია ფრონტერასთან და მისცეს მას საშუალება, აქამდე არსებული ტერიტორიის 1%-ზე გააგრძელოს საქმიანობა.

"ფრონტერასთან მიმართებაში საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო". - ამბობს პრემიერი - "საქართველომ ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად აქტივის, ტერიტორიის, 99% მთვარობამ დაიბრუნა".

გიორგი გახარიას თქმით, ქართულ მხარეს შეეძლო, რომ დანარჩენი 1%-იც დაებრუნებინა, თუმცა დავაზე უარის თქმის მიზეზი, პრემიერის თანახმად, ის გახდა, რომ მთავრობამ არავის უნდა მისცეს საშუალება, "თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით" ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ზიანი მიაყენოს.

"დღეს ჩვენთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატი, ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ". - ამბობს პრემიერმინისტრი.

გარდა ამისა, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობამ არავის უნდა მისცეს შესაძლებლობა, "სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ".

საქართველოს მთავრობა ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია ფრონტერასთან კონტრაქტს არ წყვეტს და კომპანიას უფლებას აძლევს, საქმიანობა აქამდე არსებული ტერიტორიის 1%-ზე გააგრძელოს.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზია ის ზიანი, რაც ამ საქმის გამო მიადგა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს, სხვა შემთხვევაში კი კომპანიასთან კონტრაქტის მთლიანად გაუქმება იგეგმებოდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ფრონტერას დაეკისრა ძებნა-ძიების არეალის 99%-ის სახელმწიფოსთვის დაბრუნება, რაზეც კომპანია აღარ დავობს.

კომენტარები