ფრონტერას საქმე

ფრონტერა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს დეზინფორმაციის კამპანია

ამერიკული ენერგომომპოვებელი კომპანია ფრონტერა წერილს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს დეზინფორმაციის გავრცელებას კომპანიასთან არსებული კონტრაქტის თაობაზე და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს მათ წინააღმდეგ მიმართული სადეზინფორმაციო კამპანია, დაემორჩილოს საარბირტაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს და უზრუნველყოს, რომ კომპანია სამუშაოს დაშინების და ზეწოლის გარეშე დაუბრუნდეს.

"23 ივლისს საქართველოს მთავრობა აგრძელებდა საჯარო დეზინფორმაციის კამპანიას ჩვენს კომპანიასთან მათი კონტრაქტის და უახლესი საარბიტრაჟო ქმედების შესახებ, რომელიც მთავრობამ ჩვენ წინააღმდეგ 2018 წელს წამოიწყო.  მოვუწოდებთ პრემიერმინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტონ ეს განზრახ შეცდომაში შემყვანი, დამაზიანებელი და საშიში პრაქტიკა და სანაცვლოდ ჩაერთონ საზოგადოებასთან და პირდაპირ ჩვენს კომპანისთან საუბარში, რათა გავაუმჯობესოთ პარტნიორობის სულისკვეთება". - ნათქვამია წერილში.

გუშინ, 23 ივლისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა ფრონტერასთან კონტრაქტს არ წყვეტს და კომპანიას უფლებას აძლევს, საქმიანობა აქამდე არსებული ტერიტორიის 1%-ზე გააგრძელოს. მან თქვა, რომ ფრონტერამ ლობისტების მეშვეობით შეცდომაში შეიყვანა "საკმაოდ ვრცელი და დივერსიფიცირებული საზოგადოება" და გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გამო მიიღეს. თურნავას თქმით, ქართული მხარის სიმართლე საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა და ფრონტერას 6 მილიონი დოლარის ანაზღაურება დააკისრა, რაც, როგორც მინისტრი ამბობს, იმაზე მიუთითებს, რომ ფრონტერამ ეს დავა წააგო. სწორედ თურნავაც ამ განცხადებას ეხმაურება ფრონტერას წერილი.

"ხუთშაბათს, წლების განმავლობაში კომერციულად დამასუსტებელი მუქარების და შევიწროების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად მედიით გამოაცხადეს, რომ "მთავრობამ გადაწყვიტა, არ გააუქმოს ჩვენი კონტრაქტი". ეს განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლურ განცხადებებში და მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის სახელის გატეხას და ჩვენს საქმიანობაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა". - ნათქვამია წერილში.

ფრონტერაში კვლავ ამტკიცებენ, რომ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის საფუძველი არ არსებობდა და ქართული მხარის მიერ საწინააღმდეგოს მტკიცება საერთაშორისო ჩაგვრას წარმოადგენს.

"კიდევ ერთხელ გვსურს განვმარტოთ, რომ ჩვენი კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის არავითარი ნათელი და კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. საქართველოს მთავრობის მიერ საპირისპიროს მტკიცების გაგრძელება არასწორია და საერთაშორისო ჩაგვრას უტოლდება. ამის მიზანია, შეგვიყვანოს შეცდომაში, თითქოს დიდსულოვნად მოწყალეები არიან მაშინ, როდესაც რეალურად აგრძელებენ პირმოთნეობას, რომლის მიზანიც კერძო სექტორში ჩვენს მსგავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე ხელოვნურად გულის აცრუებაა."

წერილში ნათქვამია, რომ კომპანიამ მთავრობას აპრილის შემდეგ არაერთხელ სთხოვა შეხვედრა, თუმცა ყველა მოწოდება უყურადღებოდ დატოვეს ან უარი განუცხადეს, ახლა კი, მათთან შეხვედრის გარეშე საჯარო განცხადებებს აკეთებენ, რაც, მათი თქმით, ნორმალური ქცევა არ არის საქართველოში ყველაზე მსხვილ ამერიკელ კერძო ინვესტორთან. ფრონტერა მთავრობას ახსენებს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ნავთობის და გაზის სექტორში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადეს, აშშ-დან წამყვანი ტექნოლოგია ჩამოიტანეს, ასობით მოქალაქე დაასაქმეს და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საფუძველი შექმნეს.

"მიუხედავად ამისა, გრძელდება ერთგვარი თამაში, რომელიც საერთოდ არ ჰგავს კეთილმოსურნე გარემოს ამერიკული ბიზნესისათვის".

კომენტარები