ფრონტერას საქმე

ფრონტერა შეძლებს, საქმიანობა აქამდე არსებული ტერიტორიის 1%-ზე გააგრძელოს

REUTERS

საქართველოს მთავრობა ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია ფრონტერასთან კონტრაქტს არ წყვეტს და კომპანიას უფლებას აძლევს, საქმიანობა აქამდე არსებული ტერიტორიის 1%-ზე გააგრძელოს.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზია ის ზიანი, რაც ამ საქმის გამო მიადგა საქართველოს საინვესტიციო იმიჯს, სხვა შემთხვევაში კი კომპანიასთან კონტრაქტის მთლიანად გაუქმება იგეგმებოდა.

"ჩვენს საერთაშორისო იმიჯს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნისა, რაშიც ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ,ჩრდილი არ უნდა მიადგეს. ფრონტერამ მოახერხა, ლობისტების მეშვეობით, სხვადასხვა კავშირების მეშვეობით შეცდომაში შეეყვანა საკმაოდ ვრცელი და დივერსიფიცირებული საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულად, საფუძველს ვაცლით ამ პროცესს". - თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ნათია თურნავას თქმით, ქართული მხარის სიმართლე ფრონტერასთან დაკავშირებით დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა".

"ფრონტერას დაეკისრა სასამართლო დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, ეს არის დაახლოებით 6 მილიონი დოლარი.

მხოლოდ ეს ფაქტიც კი არის იმის დასტური, რომ ფრონტერამ, პრაქტიკულად, წააგო ეს დავა. იმიტომ, რომ წაგებულ მხარეს ეკისრება ხოლმე სასამართლო დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება". - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

მისი თქმით, ფრონტერას დაეკისრა ძებნა-ძიების არეალის 99%-ის სახელმწიფოსთვის დაბრუნება, რაზეც კომპანია აღარ დავობს.

დარჩენილ 1%-ზე მთავრობა ფრონტერას საქმიანობის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

"[ფრონტერას] მცდელობა იყო, რომ ერთი კონკრეტული, რუტინული დავა სახელმწიფოთაშორის კონფლიქტურ ვითარებად წარმოეჩინა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესში თავისდაუნებურად აღმოჩნდნენ ჩართული აშშ-ს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის კონგრესის რამდენიმე წარმომადგენელი, იმის გამო, რომ იღებდნენ არასწორ, მცდარ ინფორმაციას თვითონ ფრონტერას მესვეურებისგან და მათ მიერ დაქირავებული ლობისტებისგან". - აცხადებს ნათია თურნავა.

"აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენ“-ს საშუალებას აძლევს, აღარ დახარჯოს ძალისხმევა ლობისტების მობილიზებასა და მათთან ურთიერთობაზე, რის ნაცვლადაც, სასურველია, კონცენტრირება მოახდინოს იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რაც დასაქმებულ პირთა მიმართ დაუგროვდა, გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები, მოაწესრიგოს ურთიერთობა სხვა მრავალ კრედიტორთან და გააგრძელოს საქმიანობა საძიებო სამუშაოების განხორციელების კუთხით". - ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები