თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

თსუ-მ თამარ ბაჩალიაშვილის გამო კურსდამთავრებულების ონლაინ ღონისძიება გადადო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამო, მიიღო გადაწყვეტილება, 2020 წლის კურსდამთავრებულების გამოშვების ონლაინ ღონისძიება გადადოს. ღონისძიება 25 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. 

ინფორმაციას ამის შესახებ უნივერსიტეტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. როგორც თსუ წერს, ბაჩალიაშვილი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებებში, ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო პროგრამის, ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის წარჩინებული სტუდენტი იყო. 

თსუ-ს ცნობით, თამარ ბაჩალიაშვილმა, როგორც პროგრამის ერთერთმა ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა Erasmus+ სტიპენდიები მოიპოვა და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ორი სემესტრის განმავლობაში სწავლობდა საფრანგეთში, უნივერსიტეტში პარიზი 8 და რენის გამოყენებითი მეცნიერების ეროვნულ ინსტიტუტში. 

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას თამარ ბაჩალიაშვილი ერთერთ ევროპულ უნივერსიტეტში გეგმავდა და საბაკალავრო პროექტის დასაცავად ემზადებოდა, რის შემდეგაც, თსუ-ს 2020 წლის კურსდამთავრებული იქნებოდა. 

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს თსუ სტუდენტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებს, კურსელებს, პროფესორ-მასწავლებლებს". – წერია განცხადებაში. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე-კამერებმა, ის, ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ ერთერთ სოფელში შეამჩნიეს. 

4-დღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტური სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

კომენტარები