ევროპული საქართველო

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილს კობახიძე იმიტომ ჰყავს, რომ საზოგადოებაში მუდმივად იყოს აგრესია

facebook/zurab tchiaberashvili

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეხმაურება ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ის "შეძრა" იმ სურათმა, რაც ოპოზიციურ შტაბშია. 

ჭიაბერაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის მხრიდან მსგავსი განცხადებები არახალია და სწორედ ამისთვის ჰყავს ის ბიძინა ივანიშვილს.

"ივანიშვილს კობახიძე ზუსტად იმიტომ ჰყავს, რომ მუდმივად საზოგადოებაში იყოს ეს აგრესია და სიძულვილი, რასაც კობახიძე ასხივებს და ახმოვანებს". – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

დეპუტატის შეფსებით, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს მომავლის ხედვა, რომელსაც ქართულ საზოგადოებას შესთავაზებს და მხოლოდ სხვების ლანძღვით სურს ფონს გასვლა. 

"ეს საზოგადოებას წინ ვერ წაიყვანს და სწორედ ამიტომ უნდა უთხრას და ეტყვის კიდევაც ქართველი ხალხი უარს ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს სიძულვილი და ეს აგრესია, რაც მოდის კობახიძისგან ან ქართული ოცნების ნებისმიერი წარმომადგენლისგან, საბოლოო ჯამში დასრულდეს და ჩვენ, საზოგადოებამ ვიპოვოთ მომავლისკენ გზა, რაც ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას გაზრდის". – თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის თქმით, ქართული ოცნების აგრესია იმითაა განპირობებული, რომ ისინი ქართველ საზოგადოებას ვერ არწმუნებენ იმაში, რომ წარსულის ქექვა არსებულ მდგომარეობაში გამოსავალია. 

"ზუსტად ამიტომ, ისინი უმატებენ და უმატებენ ამ სიძულვილს, აგრესიას და ამით ცდილობენ, გავიდნენ ფონს და რაც უფრო იმატებს მათი მხრიდან აგრესია, მით უფრო თავდაჯერებული ხდება ქართული საზოგადოება, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია". – თქვა დეპუტატმა. 

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა 21 ივლისს პალიტრას ეთერში თქვა, რომ მისი აზრით, თბილისში მმართველი გუნდის რვავე მაჟორიტარმა პირველივე ტურში უნდა გაიმარჯვოს. 

"შემძრა სურათმა, რაც არის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. წარმოუდგენელი სახელები და გვარებია, გინდა კვალიფიკაცია აიღეთ და გინდა სხვა ელემენტები მათი რეპუტაციის. მძიმე სურათია ძალიან ოპოზიციაში". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები