ეკონომიკა

მთავრობამ ფრენების აღდგენა მეორედ გადაიფიქრა, რა მოხდება ტურიზმის არაღდგენის შემთხვევაში

საქართველოს მთავრობა

გუშინ, 21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რეგულარული ფრენების აღდგენა კიდევ ერთი თვით, ამჯერად, პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა გადაიფიქრა

ჯერ კიდევ მაისში მთავრობაში ამბობდნენ, რომ საზღვრები პირველ ივლისს გაიხსნებოდა და შესაბამისად აღდგებოდა რეგულარული ფრენებიც, თუმცა ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდ მოხდა. მთავრობის გადაწყვეტილებებმა გაუგებრობა გამოიწვია სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე - გაურკვეველი ვადით შეჩერდა ქუთაისში მდებარე ავიაკომპანია Wizzair-ის ბაზის მუშაობა. 

მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების კვალდაკვალ აგვისტოში დანიშნულ ფრენებზე უკვე გაყიდული ბილეთების გაუქმება მოუწია ირლანდიურ ავიაკომპანიას, Ryanair-ს. ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მოქმედი დაბალბიუჯეტიანი კომპანიები, მთავრობისგან კვირაში დაახლოებით, 10 ფრენის უფლებას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს

მთავრობის გადაწყვეტილებაზე არ აისახა ისიც, რომ საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა.

საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ საზღვრები ვროკავშირის მხოლოდ 5 ქვეყანას გაუხსნა. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

ცხადია, მთავრობის გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რადგანაც ტურიზმი და საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული თანხები ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. წინა წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

იმ პირობებში, როდესაც სახმელეთო საზღვარი მეზობლებთან ჩაკეტილია და, შესაბამისად, აღარ არსებობს ტურისტული ნაკადი ძირითადი მიმართულებებიდან, ავიამიმოსვლა ვიზიტორების შემოყვანის და ზარალის ნაწილობრივი კომპენსირების ერთადერთი გზა იყო. აქედან გამომდინარე ტურიზმის სრულად შეჩერება კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც კრიზისულ ეკონომიკურ სურათს.

უკვე მეოთხე თვეა, რაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი თვიურ ჭრილში თითქმის განულებულია. ჯამურად წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 999.5 მილიონი დოლარით შემცირდა. 

2019 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.456 მილიონი დოლარი მიიღო, იგივე მაჩვენებელი წელს 456.5 მილიონ დოლარს უტოლდება.

მოცემულ პერიოდში ბოლო 2 წლის განმავლობაში, თვეების მიხედვით ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემდეგნაირად შეიცვალა:

  • 2019 წლის იანვარი — $164,5 მილიონი; 2020 წლის იანვარი — $193,4 მილიონი;
  • 2019 წლის თებერვალი — $169,2 მილიონი; 2020 წლის თებერვალი — 160,5 მილიონი;
  • 2019 წლის მარტი — $244,7 მილიონი; 2020 წლის მარტი — 73,8 მილიონი;
  • 2019 წლის აპრილი — $267,2 მილიონი; 2020 წლის აპრილი — 8,5 მილიონი;
  • 2019 წლის მაისი — $270,4 მილიონი; 2020 წლის მაისი — $9,1 მილიონი;
  • 2019 წლის ივნისი — $340 მილიონ; 2020 წლის ივნისი — $11.2 მილიონი;

რა მოხდება, თუ  ტურიზმი არ აღდგება?

19 ივნისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა ტურიზმის სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის კვლევაში განხილულია ტურიზმის სექტორისა და საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის რამდენიმე სცენარი. 

  • პირველი, ყველაზე პესიმისტური სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ტურისტული სექტორი მხოლოდ ადგილობრივი ტურისტების იმედად უნდა იყოს. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ორგანიზაციის პროგნოზით, მშპ 10%-ით შემცირდება;
  • მეორე სცენარით, ისინი, ვინც საზღვარგარეთ მოგზაურობდა, ზღვისა თუ მთის ადგილობრივ კურორტებზე გადანაწილდებიან. ამის მიუხედავად, კლება ქვეყნის ეკონომიკისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და მშპ 9,9%-ით შემცირდება; 
  • მესამე სცენარის მიხედვით, საქართველოდან გამსვლელი ტურისტების მიერ დასახარჯი თანხა მთლიანად ადგილობრივ ვიზიტებზე დაიხარჯება, მაგრამ ამ შემთხვევაში მშპ, შესაძლოა, 9,2%-ით შემცირდეს; 
  • მეოთხე სცენარი უკვე უსაფრთხო კორიდორების მეშვეობით, პარტნიორ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობას მოიცავს. ამ შემთხვევაში საერთაშორისო მოგზაურობათა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის 25%-ს გაუტოლდება, ხოლო მშპ 7,9%-ით შემცირდება;
  • მეხუთე სცენარი საერთაშორისო ვიზიტორების 50%-ით აღდგენას ითვალისწინებს, რა შემთხვევაშიც მშპ-ს შესაძლო კლება 6,5%-ს გაუტოლდება.

კომენტარები