ევროპული საქართველო

ბოკერია: თუ Haqqin-ის ინფორმაცია სიმართლეა, საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ეხმაურება აზერბაიჯანის სახელისუფლებო გამოცემის Haqqin-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ გზა გაუხსნა სერბეთს, რომელმაც თავის მხრივ, სომხეთს ტოვზუსი დაბომბვისთვის ნაღმტყორცნები მიაწოდა. 

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ თუკი ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს შესაბამისი განცხადება. 

"ჩვენს რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში ამ ტიპის კონფლიქტების ინსპირირება, წახალისება და შენარჩუნება არის პუტინის რუსეთის ინტერესში. ამ მეთოდებით ის ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას. ანუ ეს ყველაფერი არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენი ორი მეზობლისა და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის დაზიანება ხდება ამ ყველაფრით". – ამბობს გიგა ბოკერია. 

ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს ინტერესი არის მკაფიო – სამეზობლოში ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს რაიმე ფორმით ჩარევა ამ კონფლიქტში. 

"თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს არის არამარტო ორივე მეზობლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ ეს არის საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების საციცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

თუ ეს სიმართლე არ არის, ამას სჭირდება არა სისულელეების ლაპარაკი, როცა შიდა ოპონენტებს და მედიას სდებენ ბრალს, არამედ მაღალი დონის აღმასრულებელი ხელისუფლების სწრაფი საჯარო რეაგირება და ამავდროულად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის და საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნება, რომ ეს არის სიცრუე. ეს შედის საქართველოს ინტერესებში". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

დეპუტატის შეფასებით, ის, რომ დღემდე არ არსებობს მაღალი დონის აღმასრულებელი ხელისუფლების მკაფიო პოზიცია, უკეთეს შემთხვევაში ქვეყნისთვის საზიანო სისულელეა. 

"ველოდებით მკაფიო რეაქციას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და თავი დაანებონ იმ სისულელეს, რომ ამაზე კითხვები არ დაისვას". – ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები