მარნეული

NGO-ები: ხელისუფლება არ რეაგირებს მარნეულში არსებულ დაძაბულობაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ირგლივ წარმოქმნილი დაძაბულობის განსამუხტად პოლიტიკური პროცესი წარმართოს.

ორგანიზაციები ამბობენ, რომ რეგიონში შექმნილი სოციალური დაძაბულობის მიუხედავად, ამ დრომდე შესაბამისი სახელმწიფო უწყებები არ რეაგირებენ მიმდინარე პროცესებზე და ცდილობენ, საკითხის სრულ იგნორირებას.

ისინი 16 ივლისს მარნეულში გამართულ ორ აქციას ეხმაურებიან. ერთი ბოლშევიკი აზერბაიჯანელი მწერლის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღების მოთხოვნით გაიმართა. ის, მარნეულისა და ჰუჯაპის ეპისკოპოსთან, გიორგი ჯამდელიანთან ერთად, პროპუტინული დაჯგუფების, ქართული მარშის ორგანიზებული იყო.

ამ აქციიდან რამდენიმე მტერში კი შეიკრიბნენ ის მარნეულელები , რომლებიც ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან.

ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ დაძაბულობა დაიწყო 2020 წლის 24 მაისს, როცა საკვირაო ქადაგებაში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა მარნეულის მერი, ზაურ დარგალი ბოლშევიკი მწერლის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციის გამო გააკრიტიკა, მას ულტიმატუმი წაუყენა და მკვეთრად შოვინისტური განცხადებები გააკეთა. ეპისკოპოსის განცხადებებს მალევე მოჰყვა ქართული მარშისა და სხვა ულტრაკონსერვატიული რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერა და აგრესიული კამპანია სოციალურ ქსელებში.

30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

NGO-ების შეფასებით, გამოძიება იყო ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი ქმედება, თუმცა, იმის გამო, რომ თავად გამოძიების მიზანი, შინაარსი და კონტექსტი ამ დრომდე ბუნდოვანი და პრობლემურია, მას რაიმე შედეგი, მათ შორის, რადიკალური ჯგუფების შემდგომი ქმედებების პრევენცია არ მოჰყოლია.

"ამ პროცესში ჩანს კულტურის პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც ფრთხილ და სისტემურ გადაწყვეტას საჭიროებს. ეს, ერთი მხრივ, საბჭოთა მეხსიერებისა და წარსულის გააზრებისა და მართვის პოლიტიკის არათანმიმდევრულობას, მეორე მხრივ კი, ისტორიისა და კულტურის ეროვნულ პოლიტიკაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების იდენტობის, კულტურის, რელიგიის არასაკმარის რეპრეზენტაციას და ზოგჯერ გაუჩინარების/წაშლის მცდელობას უკავშირდება.

საქართველოს აზერბაიჯანულ თემში არსებობს ღრმა იდენტიფიკაცია საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ სისტემასთან, თუმცა, ამავდროულად, არსებობს განცდა, რომ მათი ისტორია, კულტურული ღვაწლი და როლი ჩვენს საერთო ისტორიაში და კულტურაში სათანადოდ აღიარებული და წარმოდგენილი არ არის. ეს კარგად ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის პოლიტიკის მაგალითზეც. სწორედ ამიტომ, ნარიმანოვის ძეგლის მიმართ თემს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს და მისი წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ბიოგრაფიის გაცნობიერების პარალელურად, ძეგლის მოხსნის საკითხის განხილვის დროს, საკუთარი კულტურის წაშლის შიში და სხვა ამგვარი სენტიმენტებიც იკითხება.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკი ლიდერების ძეგლების აღმართვის საკითხს ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვეთანხმებით, ზემოთ გაზიარებული კონტექსტის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ არსებითია, სახელმწიფომ ამ პროცესის დელიკატურობა და სოციალური ეფექტები სათანადოდ გაიაზროს და მას თანმიმდევრული კულტურის პოლიტიკის გატარებით უპასუხოს. მშვიდობისა და თემებთან რეალური დიალოგის პროცესის შექმნა მთავრობისა და მისი უწყებების უპირობო მიზანი უნდა გახდეს. აუცილებელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს მკვლევრების, ექსპერტებისა და ადგილობრივი თემის ლიდერების მონაწილეობით მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით გადაჭრის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ადგილობრივ თემებთან კონსულტაციები და საგანმანათლებლო მიდგომები იყოს გამოყენებული. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესში სახელმწიფომ გაიაზროს საქართველოს აზერბაიჯანელი თემის კულტურის დაცვისა და რეპრეზენტაციის მნიშვნელობა და მულტიკულტურული გარემოს შექმნის აუცილებლობა. ამგვარი გრძელვადიანი და მშვიდი პოლიტიკური პროცესის შექმნა ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის შესაძლო გაუცხოებისა და ამასთან დაკავშირებული სოციალური ტრავმების პრევენციისთვის.

ცალკე უნდა აღინიშნოს ძალადობრივ ულტრაკონსერვატიულ რადიკალურ ჯგუფებთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობის პრობლემა. სახელმწიფო არ იკვლევს ულტრაკონსერვატიული პოლიტიკისა და ძალადობრივი ჯგუფების აღზევების სტრუქტურულ მიზეზებს და არც მისი დაძლევის სისტემური პოლიტიკა გააჩნია. ამასთან, ოპერაციულ დონეზეც კი არ ჩანს, რომ სახელმწიფო ცდილობს ამგვარი ჯგუფების დაფინანსების, ინტერესების, კავშირების იდენტიფიცირებას, გასაჯაროების და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობების ეფექტიან პრევენციას" - აღნიშნავენ ორგანიზაციები და მოუწოდებენ:

მთავრობას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

  • შექმნას პოლიტიკური პროცესი (სამუშაო ჯგუფი) ნ. ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებული უკმაყოფილების და წუხილების მშვიდობიანი და პოლიტიკური გზებით გადასაჭრელად. არსებითია, ეს პროცესი მეცნიერების, მკვლევრების, ადგილობრივი თემის ლიდერების მონაწილეობითა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ფართო დისკუსიის მიდგომებით წარიმართოს და ის წარსულის გააზრების საერთო ეროვნულ პოლიტიკაში მოექცეს;
  • არ დაუშვან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მარნეულში დაძაბულობისა და შუღლის გაღვივების რისკების შექმნა და მიიღონ ეფექტიანი პრევენციული ზომები რეგიონში მშვიდობიანი და თანასწორი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შესაქმნელად;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სხვა მულტიეთნიკურ რეგიონებში შეისწავლოს კულტურულის პოლიტიკის გამოწვევები, ამ კუთხით ეთნიკური უმცირესობების წუხილები და უზრუნველყოს მათი კულტურის სათანადო რეპრეზენტაცია, დაცვა და განვითარება და მულტიკულტურული დიალოგის პლატფორმებისა და პრაქტიკის შექმნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

  • შეიმუშაოს ძალადობრივი ულტრაკონსერვატიული ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებული მონიტორინგისა და პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარი ჯგუფების კავშირების, დაფინანსების წყაროების, მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, რათა მაქსიმალურად დააზღვიოს ამ ჯგუფების ლიდერების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკები.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

კომენტარები