მარნეული

მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დააჯარიმეს ადმინისტრაციული წესით

ფოტო კადრი 24 news-დან 

მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა. გამოცემა 24 news-ის მიხედვით, 40 ცხვარზე მეტი მოკვდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მწყემსი დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით. 

უწყების ცნობით, მწყემსი ადმინისტრაციული კოდექსის 127-ე მუხლით დაჯარიმდა, რაც ქვეითად მოსიარულის ან საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის მიერ მოძრაობის წესების დარღვევას, აგრეთვე საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევას გულისხმობს. 

"2. საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა გამოიწვევს მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირის (მეხრის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − მეპატრონის) დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: პირუტყვის მესაკუთრეს არ უნაზღაურდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად პირუტყვის დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანი." - წერია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

კომენტარები