აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე დაპირისპირება გრძელდება, დაიღუპა 9 სამხედრო

BBC

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება, მესამე დღეა, გრძელდება. დაიღუპა 7 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი, ასევე ორი სომეხი სამხედრო. სამი დღის განმავლობაში სულ 11 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

აზერბაიჯანის მხარეს დაღუპულებს შორის ერთი გენერალ-მაიორი, ერთ კი პოლკოვნიკია.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ მხარეს დაიღუპა ერთი მაიორი და კაპიტანი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა საზღვართან მდებარე ქალაქი ბერდი დაბომბა, თუმცა ის პოზიციები, საიდანაც ისროდნენ, გაანადგურეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთმა სოფელი აღდამი დაბომბა, რა დროსაც მშვიდობიანი მოქალაქე, 76 წლის კაცი, დაიღუპა.

დაპირისპირება კვირას, 12 ივლისს ტავუშის და ტოვუზის რეგიონებს შორის მდრებარე საზღვართან დაიწყო. 

ორივე მხარემ დაპირისპირებაში ერთმანეთი დაადანაშაულა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას სომხურ მხარეს აკისრებს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზღვართან აზერბაიჯანის ქმედებას პროვოკაცია უწოდა. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, მათთვის უცნობი მიზეზებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის გადაკვეთა სცადეს, სომხეთის მხრიდან გამაფრთხილებელი მოქმედებების შემდეგ აზერბაიჯანელი სამხედროები დაუბრუნდნენ თავიანთ პოსტს, თუმცა, დაახლოებით ერთ საათში სომხეთის ბლოკპოსტის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი სომხურმა მხარემ დაიწყო, გახსნა საარტილერიო ცეცხლი და აზერბაიჯანის სტრატეგიული პოსტის ხელში ჩაგდება სცადა.

კომენტარები