აია-სოფია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: აია-სოფია თურქეთის შიდა საქმეა

სერგეი ვერშინინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი ვერშინინი თურქეთის ხელისუფლების მიერ აია-სოფიას კვლავ მეჩეთად გადაკეთების საკითხს გამოეხმაურა:

"იცით, რომ ამ საკითხმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის გარეთ. ზოგადად, ჩვენ მივიჩნევთ,რომ ეს თურქეთის შიდა საქმეა, რომელშიც არც ჩვენ და არც არავინ უნდა ჩაერიოს". – უთხრა მან ჟურნალისტებს.

პარალელურად, აია-სოფიას საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა ედროღანს აცნობა რუსეთში არსებული დამოკიდებულების თაობაზე, ერდოღანმა კი თავის მხრივ რუსი კოლეგა დაამშვიდა და უთხრა, რომ აია-სოფია ვიზიტორებისათვის კვლავ ღია იქნება.

"თურქეთის პრეზიდენტმა შესაფერისი განმარტება მოგვცა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ცივილიზაციის ამ უნიკალური მონუმენტის მონახულება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მათ შორის, უცხოეთის მოქალაქეებსაც და ქრისტიანულ რელიქვიებსაც დაიცავენ". – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

აია-სოფიაში მუსლიმური ლოცვა 24 ივლისიდან დაიწყება. ერდოღანმა უკვე მოაწერა ხელი აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 10 ივლისს თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც აია-სოფიამ მუზეუმის სტატუსი მიიღო.

ამავე დღეს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებების შემთხვევაში აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

რუსეთისაგან განსხვავებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პირველ ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც თურქეთს მოუწოდა, დაეტოვებინა აია-სოფია მუზეუმად. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრიტიკა და მოწოდებები თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად გამოაცხადა.

აია-სოფიას ისტორიისა და ერდოღანის პოლიტიკის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში – წმიდა სიბრძნის ბედი თურქეთში - აია-სოფია და ერდოღანის მესიჯი დასავლეთს.

კომენტარები