ტურიზმი

ბოკერია სავალდებულო კარანტინზე: რატომ აყენებენ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ დარტყმას?

ტაბულა

"რითი ხსნიან ამ დისკრიმინაციულ და აბსურდულ მიდგომას, რატომ აყენებენ ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ დარტყმას"? – ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინის შენარჩუნებას ეხმაურება. მისი შეფასებით, ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს კარანტინი ყველა შემთხვევაში ეხებათ, "უტიფარი, კანონთან შეუთავსებელი და აბსოლუტურად შეურაცხმყოფელია". მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებმა სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ იმ შემთხვევაშიც, თუ იმ ხუთი ქვეყნიდან ბრუნდებიან, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. თუ ერთი რეისით მოფრინავენ გერმანიის, ლიტვის, ლატვიის, საფრანგეთის, ესტონეთის და საქართველოს მოქალაქეები, კარანტინი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ. ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები კი, საქართველოს საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგს გაივლიან. ასევე, თან უნდა ჰქონდეთ წინასწარ შევსებული ფორმა. 

გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გადაადგილების თავისუფლება არ არის ფუფუნება და ეს ივანიშვილის გუნდის გარდა, ყველას ესმის. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნებში ჩავიდნენ, მათ შორის, სეზონური სამუშაოებისთვის.

"ეს არის ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შანსის გაჩენა, რომ დავიწყოთ იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელშიც პანდემიამ და ივანიშვილის გუნდის უგუნურმა ან არგადადგმულმა ნაბიჯებმა ჩააგდო ქვეყანა. ეს უკავშირდება არა მარტო ტურიზმს და ხალხის ჩამოსვლას, არამედ, ჩვენი მოქალაქეების შესაძლებლობას, რომ ჩავიდნენ, იქნებ დროებითი სამუშაო ნახონ, უამრავი მიზეზი არსებობს, რატომ და როგორ შეუწყობს ხელს თავისუფალი გადაადგილება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდნენ ან არ დაუმძიმდეთ ეკონომიკური მდგომარეობა". – ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, კვირების განმავლობაში, პრემიერი და მინისტრები "უტიფარ და ბრიყვულ" განცხადებებს აკეთებდნენ, რომ "თურმე არ გვაწყობს და არ გვიღირს ფრენები". გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ხუთ უსაფრთხო ქვეყანასთან საზღვრის გახსნით სწორი, მაგრამ დაგვიანებული გადააწყვეტილება მიიღო.

"ყველა დღე, როცა დააგვიანეს, დაუჯდა ჩვენს ქვეყანას და მოქალაქებს კონკრეტული ფასი, მარტო იმას კი არა, ვინც გაფრინდებოდა, არამედ, ყველა დანარჩენს. ეკონომიკის გამოცოცხლება ყველაზე მოქმედებს, ერთ კაცს რომ არ უშვებ, იმისი ეკონომიკური უბედურება გადადის ყველაზე, დააგვიანეს და უკვე ზიანი მიაყენეს.

ყველა მეწარმეს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, გააუქმებინეს ბილეთები, გზავნილი გააკეთეს, რომ აგვისტომდე არ გახსნიდნენ და ახლა ვისმენთ აბსოლუტურად უტიფარ, კანონთან შეუთავსებელ და აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ ფორმულირებას, რომ თურმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვლენ უსაფრთხო ქვეყნებიდან, რაც სწორია, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ ორი კვირის გატარება კარანტინში. ანუ ოჯახი რომ წავიდეს, საქართველოს და არასაქართველოს მოქალაქე სადღაც საქმეზე ან ვინმეს მოსანახულებლად, უკან რომ შემოვლენ, არასაქართველოს მოქალაქე შემოვა და საქართველოს მოქალაქე ორი კვირა კარანტინში უნდა იყოს. რითი ხსნიან ამ დისკრიმინაციულ და აბსურდულ მიდგომას, რატომ აყენებენ ჩვენს ქვეყანას კიდევ დარტყმას"? – კითხულობს გიგა ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერი ტრანზიტულ ფრენებსაც შეეხო, რომელიც აკრძალულია. საქართველოს მთავრობა ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მოქალაქეებს მხოლოდ პირდაპირი ფრენების შემთხვევაში უხსნის საზღვარს.

"თურმე ადამიანს თუ უნდა გერმანიაში წასვლა, სადაც ჯერ არ არის რეგულარული ფრენები, ვერ წავა სხვა ქვეყნიდან, უკან რომც არ ჩამოდიოდეს, რა არგუმენტი არსებობს? რატომ უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს დამატებით პრობლემებს? რა ახსნა აქვთ, გაგვცენ ამ კითხვაზე პასუხი, ოღონდ კიდევ ერთხელ ბრიყვული უტიფრობა აღარ უნდა მოვისმინოთ". – თქვა ბოკერიამ.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოს მოქალაქეებისთვის ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის შენარჩუნებას მათზე "სიფრთხილით და ზრუნვით" ხსნის. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს იმისთვის ხდება, რომ მოსახლეობა დაიცვან და "არ მოხდეს ის, რაც მოხდა სამი თვის წინ, როცა პანდემია იწყებოდა". რუსთავი 2-ის ეთერში ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სწორედ დასასვენებლად წასული საქართველოს მოქალაქეები "თავისდაუნებურად გახდნენ ინფექციის პირველი შემომტანები". მანვე თქვა, რომ "ბევრი იჩენს კეთილგონიერებას, სიფრთხილეს და, რა თქმა უნდა, ამ ორკვირიანი კარანტინის მოთხოვნაც პასუხისმგებლობა არის და ამიტომ, როცა ადამიანი ამაზე ფიქრობს, ალბათ, ურჩევნია, რომ ჩვენი, საქართველოს ღირსშესანიშნაობები მოინახულოს და არაჩვეულებრივი კურორტები აღმოაჩინოს".

კომენტარები