მსოფლიო

ნიუ-იორკის შტატში მონობის მოწინააღმდეგე, შავკანიანი მოღვაწის ძეგლი ჩამოაგდეს

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში შავკანიანთა თავისუფლებისთვის მებრძოლი, ფრედერიკ დაგლასის ძეგლი ჩამოაგდეს. დაგლასის ძეგლი, რომელიც ქალაქ როჩესტერის ერთ-ერთ პარკში იდგა, ჩამოაგდეს და რამდენიმე მეტრის მოშორებით მდინარის ნაპირას დატოვეს. 

შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. რასიზმის მოწინააღმდეგე აქტივისტთა ჯგუფებში დაგლასის ძეგლის ჩამოგდებას საპასუხო ქმედებად განიხილავენ. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აშშ მასობრივი პროტესტის აქციებმა მოიცვა, რაც ხშირად ძალადობით სრულდებოდა. 

წინა კვირებში ძეგლების დემონტაჟმა სტიქიური ხასიათი მიიღო – აქტივისტებმა ჩამოაგდეს, ძეგლები, რომლებიც, მათი აზრით, ევროპულ კოლონიალიზმსა და შავკანიანთა ჩაგვრას უკავშირდებოდა. მათ შორის, ჩამოაგდეს ქრისტოფერ კოლუმბისა და კონფედერატი გენერლების ძეგლები. 

ფრედერიკ დუგლასის ძეგლი პლასტიკისგან იყო დამზადებული და როჩესტერში მდებარე ორიგინალური ძეგლის ანალოგს წარმოადგენდა, რომელიც ქალაქში 1899 წლიდან დგას. 2018 წელს დაგლასის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქში ძეგლის 12 ასლი განთავსდა. აქედან გამომდინარე, დაგლასის ჩამოგდებული ძეგლის შეცვლა რთული არ იქნება.

ფრედერიკ დაგლასი მონობაში დაიბადა, თუმცა მალევე გაქცევა მოახერხა. დაგლასმა ისწავლა წერა-კითხვა და გამოსცემდა გაზეთს. ფრედერიკ დაგლასმა მთელი ცხოვრება შავკანიანთა უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნა. კერძოდ, დაგლასი ე.წ. მიწისქვეშა რკინიგზის ერთ-ერთი ლიდერი იყო, ორგანიზაცია ეხმარებოდა გაქცეულ მონებს და ისინი მათთვის უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავდა. 

ცხოვრების ბოლო წლები დაგლასმა მემუარების წერას დაუთმო, მისი ნაწერები მოგვიანებით ბესტსელერი გახდა. განსაკუთრებით ცნობილია, დაგლასის სიტყვა, რომელიც მან 168 წლის წინ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს წარმოთქვა. 

კომენტარები