გიორგი შაქარაშვილის საქმე

კახიძე: შაქარაშვილის საქმეზე უნდობლობას საქმეების გამყალბებელი პროკურატურა იწვევს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებას.

მისი თქმით, "საზოგადოების სამართლიან უნდობლობას სამართალდამცველი სისტემის მიმართ იწვევს ის ფაქტი, რომ შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას ხელმძღვანელობს საქმეების გამყალბებელი პროკურატურა".

ოთარ კახიძეს გაყალბებული საქმის მაგალითად მოჰყავს 2018 წელს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და ამბობს, რომ "არცერთი გამომძიებელი და პროკურორი, რომელიც მაშინ მტკიცებულებებს აყალბებდა, დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი".

შესაბამისად, ოთარ კახიძის თქმით, "ლეგიტიმურია ყველა ის კითხვა, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას და უნდობლობა, რომელსაც ვხედავთ მედიასივრცეში".

გარდა ამისა, ევროპული საქართველოს დეპუტატი ლაპარაკობს "ზოგად პოლიტიკურ პრობლემაზე, რომელიც გამოიხატა ამ [გიორგი შაქარაშვილის] ტრაგედიაში".

"[ესაა] ივანიშვილის ხელისუფლების შექმნილი კლიმატი ქვეყანაში, რომ კრიმინალს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ქურდული გარჩევების დაბრუნება და პოპულარიზაცია და, აგრეთვე, ქურდული "გაგების" წინ წამოწევა, რაც ართულებს გამოძიებასთან თანამშრომლობას". - განმარტავს ოთარ კახიძე.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ სამართალდამცველი ორგანოები არ გაიმეორებენ იმას, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გააკეთეს.

როგორც ოთარ კახიძე ამბობს, უახლოეს მომავალში საქმეს მეტი ნათელიც მოეფინება, როცა ცნობილი გახდება ექსპერტიზის შედეგებიც, იქამდე კი, მისი თქმით, დასკვნებისგან თავის შეკავება ჯობს.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

გიორგი შაქარაშვილი სიკვდილამდე მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე იყო. აგარაკზე იუბილარის მეგობრებსა და უბნელებს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ჩვენებებში წერენ, ჩხუბში შაქარაშვილი არ მონაწილეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და "ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა".

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ. ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება". – აცხადებს შსს.

კომენტარები