Wizz Air

ეკონომიკის სამინისტრო: არ ვიცით, ქუთაისში ბაზა უქმდება თუ არა, Wizz Air-ს უნდა ჰკითხოთ

აეროპორტების გაერთიანება

ეკონომიკის სამინისტრო არ პასუხობს ტაბულას კითხვას იმის შესახებ, გაუქმდება თუ არა ქუთაისში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა.

"არ ვიცით, ეს ჩვენთან კითხვა არ არის, Wizz Air-ს უნდა ჰკითხოთ". - უთხრა ტაბულას სამინისტროს წარმომადგენელმა.

იქამდე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, "ვიზეარს" თვითმფრინავი ეყოლება მაინც და მაინც ქუთაისის აეროპორტში, თუ რომელიმე თავის ბაზაზე".

30 ივნისის საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ Wizz Air ქუთაისში ბაზას დროებით აუქმებს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად ნეტგაზეთმა გაავრცელა და მასალაში გამოცემა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეყრდნობოდა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ არ იციან, ვინ მიაწოდა მედიას ეს ინფორმაცია და ამას გაარკვევენ.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თანახმად, ბაზის გაუქმება ავიაკომპანიის გასვლას არ ნიშნავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებით 150 ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება.

"საუბარია იმაზე, რომ ქუთაისში არ იქნება ბაზირებული თვითმფრინავები. ბაზა ამას ნიშნავს, რომ იქ იყო რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებიც უკვე გაყვანილი ყავს ვიზეარს". - ამბობს გიორგი კანდელაკი.

30 ივნისს ავიაკომპანია ვიზეარმა რეისების უმეტესობა 2021 წლის მაისამდე გააუქმა - 2020 წლის აგვისტოდან მხოლოდ რვა რეისზე იძებნება ბილეთები - ვარშავის, დორტმუნდის, რიგის, ვილნიუსის, ათენის, ბუდაპეშტის, ვენის და ლარნაკას მიმართულებით.

კომენტარები