საარჩევნო სისტემა

ბაქრაძე: ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, თუმცა საკონსტიტუციო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, პარტიის დეპუტატები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ კვირაში დაგეგმილ პლენარულ სხდომებში ისევე, როგორც არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ საჯარო განხილვებსა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.

ბაქრაძე ამბობს, რომ სანამ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებით ევროპული საქართველოს საპარლამენტო მუშაობას არ დაუბრუნდება.

"ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ბოიკოტის შეწყვეტა მოხდება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციის ფონზე და ვითარების ნორმალიზაცია მოითხოვს შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პირველ რიგში პოლიპატიმრების გათავისუფლების ნაწილში," - ამბობს ბაქრაძე. 

თუმცა მისივე თქმით, დეპუტატები გამონაკლისის სახით ხმას მისცემენ და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას, ისევე როგორც ფორმალურად წარადგენენ ამ კომისიაში კანდიდატებს.

"ეს არის ჩვენი მხრიდან ერთჯერადი ნაბიჯი, რომლითაც ჩვენ ვასრულებთ შეთანხმების ფარგლებში აღებულ საკუთარ ვალდებულებას, რომ მხარი დავუჭიროთ ახალ სისტემას. მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს არ ნიშნავს არც სხდომებზე დაბრუნებას, ეს არ ნიშნავს არც კომისიის მუშაობაში მონაწილეობას," - ამბობს ბაქრაძე.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემაში ცვლილების შესახებ 8 მარტის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად შეთანხმდნენ. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები 120/30-ზე სისტემით უნდა ჩატარდეს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილება ჭირდება. ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები 11 მარტს დაარეგისტრირა. ამის შემდეგ, საყოველთაო სახალხო განხილვები უნდა დაიწყოს.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხიც. ოპოზიცია ამბობს, შეთანხმებისას კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე იყო საუბარი და ამ პირობის შესრულების გარეშე შეთანხმება ჩაიშლება. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ შეხვედრაზე კონკრეტულ გავრებზე არ ყოფილა საუბარი და შეთანხმდნენ, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისათვის.

8 მარტს, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრაზე კონკრეტულ პოლიტპატიმრებზე რომ ისაუბრეს ადასტურებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მემორანდუმს ხელი მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა არ მოაწერა.

 

კომენტარები