არჩევნები 2020

საელჩოები: 8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება კვლავაც გადამწყვეტია

პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას განცხადებით გამოეხმაურნენ, სადაც წერია, რომ 8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება კვლავაც გადამწყვეტია.

განცხადებაში საელჩოები პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს, რომლებიც "მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდასა და უფრო ფართო წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში."

"ვაღიარებთ, რომ ეს ცვლილებები ასახავს იმ კომპრომისებს, რომელთა მისაღწევად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს სირთულეების გადალახვა დასჭირდათ და მივესალმებით მათ, ვინც უზრუნველყო ამ ცვლილებების წარმატებით დასრულება. ვწუხვართ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული განსხვავებული დამოკიდებულების გამო, ზოგიერთმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა [კენჭისყრაში].

ამჯერად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ ეუთო/ოდირის საარჩევნო რეფორმების რეკომენდაციების მიღებასა და შესრულებაში. ეს უაღრესად საჭირო რეფორმები ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საარჩევნო ყუთებთან ხმის თავისუფლად მიცემას.

8 მარტის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების მოგვარებას, რაც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოსა და საარჩევნო პროცესების უმართებულო პოლიტიზაცია, კვლავაც გადამწყვეტია ქვეყანაში გამართული დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მისაღწევად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებაზე დაკვირვებას, განსაკუთრებით, ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში.

და ბოლოს, გვსურს, ყველა მხარემ პატივი სცეს ჩვენს, როგორც ამ პროცესში ჩართული ფასილიტატორების როლსა და კეთილსინდისიერებას". – წერია განცხადებაში.

29 ივნისს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 117 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. რეგისტრაცია 120-მა დეპუტატმა გაიარა.

დღევანდელ კენჭისყრას ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დასწრებიან. ისინი გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდნენ, რაც 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია. თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 29 ივნისის სხდომაზეც არ შეუცვალა გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი. 

საკონსტიტუციო ცვლილებაზე შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გაფორმდა. ამასთან, შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ საპყრობილეში რჩება. მთავარი არხის მეწილეს, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თავად რურუა ბრალს არ აღიარებს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლება იყო აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს.

ევროპულმა საქართველომ პირველი მოსმენის დროს კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცა. ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება.იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი მიიჩნია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიეღო მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებდა.

კომენტარები