გიორგი შაქარაშვილის საქმე

შსს: ახალგაზრდების ჯგუფი რამდენიმე მოზარდს თავს დაესხა, შაქარაშვილი არაგვისკენ გაიქცა

შსს ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ კონფლიქტში მონაწილე ახალგაზრდების ჯგუფი გიორგი შაქარაშვილს და მის მეგობრებს დაედევნნენ ანგარიშსწორების მიზნით, რის გამოც, 19 წლის ფეხბურთელი მდინარისკენ გაიქცა.

"2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.

ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება" - აცხადებს შსს.

მინისტრის მოადგილემ 26 ივნისის ბრიფინგზე აღნიშნა, რომ, შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.

"ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას" - თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის 25 ივნისს დაკრძალეს. 

კომენტარები