ევროპული საქართველო

ბოკერია ომბუდსმენს: ახალისებენ თუ არა მმართველი გუნდის წევრები შავრაზმულ იდეებს?

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სახალხო დამცველს ჰკითხა, არის თუ არა პრობლემა, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები "შავრაზმულ იდეებს" ახალისებენ. 

გიგა ბოკერიამ ამის მაგალითად ქართული მარშისა და თათია დოლიძის საქმე მოიყვანა, როდესაც ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრები საჯაროდ გაუპატიურებით დაემუქრნენ 24 წლის თათია დოლიძეს, რომელმაც პროპუტინური ჯგუფის წევრები გააკრიტიკა. 

"ამ კითხვას თუ უსმენდით, პატივცემულო სახალხო დამცველო, ბატონმა [რატი] იონათამიშვილმა რომ დასვა. ეკლესიის წინააღმდეგ როცა იბრძვიან, თქვენ ხმას რომ არ იღებთო. ახლა სერიოზულად მაინტერესებს, თქვენი პოზიცია მინდა და იმედია, პასუხს არ გაექცევით. აი, მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ასეთი კითხვა კი არა, ასეთი პოზიცია, რომ დისკუსიასა და პლურალიზმს ნათლავენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად, არის თუ არა შავრაზმული იდეების გაღვივება და ზრდის თუ არა ძალადობის რისკებს? მე არ ვიძახი, რომ აკრძალული უნდა იყოს ასეთი უმსგავსი გამოსვლებიც. კანონით დაცულია ყველა, სიტყვის თავისუფლების კანონით, რომელიც მიღებულია შავ-ბნელი წლების დროს და ვერ გადააკეთებთ მაგ კანონს, ხელს თუ მოკიდებთ, ხელი დაგეწვებათ, მაგრამ თქვენი პოზიცია, როგორც სახალხო დამცველის მაინტერესებს. 

ჩვენ გვაქვს უამრავი პრობლემა, უმცირესობების წინააღმდეგ, ქალების წინააღმდეგ. ამ ტიპის განწყობები, როცა მმართველი გუნდის წარმომადგენელი ასეთ იარლიყებს აწესებს რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით დისკუსიისას ვინმეზე, არის თუ არა ამის წახალისება? 

კიდევ ერთი მაგალითი, თუ შეიძლება. ალბათ, კარგად გახსოვთ, ასეთი ჯგუფი არსებობს, "ქართული მარში" ჰქვია, თავისუფლად შეგვიძლია დაგვერქვა "პუტინის მარში", მაგრამ მაინც. არის ასეთი ჯგუფი და იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა ახალგაზრდამ გააკრიტიკა ისინი და საჯაროდ დაემუქრნენ ჯგუფური გაუპატიურებით და არკვევდნენ მის მისამართს. ჩემი ძალიან ლიბერალური ინტერპრეტაციითაც კი გასცდნენ სიტყვის თავისუფლების საზღვრებს. არცერთი ადამიანი ამ უმრავლესობიდან არ გამოსულა და არ დაუგმია. არის, თუ არა ეს პრობლემა?" - იკითხა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერის ამ კითხვას მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. დეპუტატმა, სოფიო კილაძემ თქვა, რომ მან დაგმო თათია დოლიძის მიმართ მუქარა. 

კომენტარები